მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომლებიც რუსეთში იხურებიან, საქართველოში ეძებენ ახალ ლოკაციას - RENTALS

6230783dd8b22
ბექა ბაციკაძე
16.03.22 00:35
1257
საოფისე და სამუშაო კომერციულ სივრცეებზე საქართველოში მოთხოვნა გაიზარდა. ზურაბ ერისთავი, RENTALS მმართველი პარტნიორი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ზრდა ძირითადად ე.წ “co-working” სივრცეებს ეხება, სადაც მზა სამუშაო გარემოა. „კლასიკურ ბიზნეს ცენტრებზე ასეთი მაღალი მოთხოვნა არ არის, თუნდაც იმის გამო, რომ თბილისში ოფისებს არ აქვთ გამზადებული და გარემონტებული სამუშაო სივრცეები“, - აცხადებს ზურაბ ერისთავი.

RENTALS-ის მმართველი პარტნიორი მოთხოვნის ზრდას რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს. ზურაბ ერისთავის თქმით, კომპანიები, რომლებიც რუსეთში იხურება, საქართველოში ეძებენ ახალ ლოკაციას.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ უნდა ავურიოთ საერთაშორისო კომპანიები და რუსული კომპანიები ერთმანეთში. მე რასაც ვხედავ, მოთხოვნა არის ამერიკული, შვეიცარიული და სხვა დასავლური კომპანიების მხრიდან“, - განაცხადა ზურაბ ერისთავმა.

კომპანიის დასახელებისაგან თავს იკავებს, თუმცა RENTALS-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ამერიკულ კომპანიას, მოსკოვში მდებარე ოფისის გადმოტანის სურვილი აქვს და სამუშაო სივრცეს 200 თანამშრომლისთვის ეძებს. მისივე ინფორმაციით, ეს არ არის სრული შტატი და მათ ქართველი თანამშრომლებიც დასჭირდებათ. ასევე, ინტერესი მხოლოდ თბილისში მდებარე საოფისე ფართებზე არ არის, საკმაოდ დიდი ინტერესია ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებულ სივრცეებზეც.