მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ - რეიტინგი

62d96f8b836b0
შოთა ტყეშელაშვილი
22.07.22 10:20
1768
2022 წლის 6 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 9.6%-ით გაიზარდა და 7.3 გიგავატ საათს მიაღწია. ელექტროენერგიის მოხმარება გაზარდა როგორც მოსახლეობამ, ასევე კერძო კომპანიებმა, რომლებიც ელექტროენერგიის დაახლოებით ერთ მესამედზე მეტს მოიხმარენ.

“თელასის/თელმიკოს” მომხმარებლებმა, ანუ თბილისის მაცხოვრებლებმა ჯამში 0.9 გიგავატ საათი დენი მოიხმარეს, “ენერგო პრო ჯორჯიას/ეპ ჯორჯია მიწოდებას” მომხმარებლებმა კი 1.3 გიგავატ საათი.

ქვეყანაში მოქმედი მსხვილი კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას პირდაპირ საბითუმო ბაზარზე - "თელასის" და "ენერგო პროს" გვერდის ავლით ყიდულობს. ეს სტატუსი 50 კომპანიას აქვს მინიჭებული და მათ 2022 წლის პირველ ნახევარში ჯამურად 2 გიგავატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს.

ესკო-ს თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტი - 626 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია "ჯორჯიან მანგანეზმა" მოიხმარა, რაც ამავე პერიოდში საქართველოს მთლიანი მოხმარების 8.5% იყო. მოხმარებით მეორე ადგილზეა Bitfury, რომელიც თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კრიტოპოვალუტის მაინინგით არის დაკავებული, მისი მოხმარება 168 მილიონი კილოვატ საათი იყო.

კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ:

1) "ჯორჯიან მანგანეზი", "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა" - 626 მილიონი კილოვატ საათი;
2) "ბი ეფ დი სი" (Bitfury) - 168 მილიონი კილოვატ საათი;
3) "რუსთავის აზოტი" - 133.6 მილიონი კილოვატ საათი;
4) "რუსთავის ფოლადი" - 107 მილიონი კილოვატ საათი;
5) "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 95.1 მილიონი კილოვატ საათი;
6) „საქართველოს რკინიგზა“ - 87.5 მილიონი კილოვატ საათი;
7) "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 83.4 მილიონი კილოვატ საათი;
8) "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 72.7 მილიონი კილოვატ საათი;
9) "აითილები" - 71.6 მილიონი კილოვატ საათი;
10) „აიტი კორპ“ - 63 მილიონი კილოვატ საათი.

რეიტინგში შემავალი კომპანიების უმეტესობა მძიმე მრეწველობის სფეროში საქმიანობს. მეცხრე და მეათე ადგილზე მყოფი ფირმები კი ასევე კრიპტოვალუტებს მოიპოვებენ.