მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომლებიც სასტუმრო ინდუსტრიის დროებით უმუშევარ კადრებს ასაქმებენ-ახალი კამპანია

5e732f989ac3a
თელარა გელანტია
19.03.20 18:52
2780
„კარფური“, „ნიკორა სუპერმარკეტი“, „სპარი“, - ეს იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებმაც კორონავირუსის გამო, დაკეტილი სასტუმროების თანამშრომლების დროებით დასაქმების სურვილი გამოთქვა.

კამპანიის ინიციატორი სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი იყო, რომელიც თბილისში რამდენიმე სასტუმროს მართავს. ინიციატივას ოპერატიულად გამოეხმაურა „კარფურის“ ქსელი და როგორც bm.ge-ის ალავერდაშვილმა უთხრა, მის მართვაში არსებული, დროებით დახურული სასტუმროების 53 თანამშრომელი „კარფურის“ სხვადასხვა მაღაზიაში დასაქმდება.

„ამ ეტაპზე, ჩვენთვის უმთავრესია პერსონალი და მათი კეთილდღეობა. ვცდილობთ, სტაფის შენარჩუნებას და ამაში გვერდში დაგვიდგა „კარფური“. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენი პერსონალი - მოლარეები და ა.შ. ერთი თვით, დროებით გადაგვენაწილებინა „კარფურში“ მათი საცხოვრებელი მისამართების მიხედვით, რათა ტრანსპორტის გამოყენებაც არ დასჭირდეთ. „კარფური“ კიდევ საჭიროებს კადრებს, ამიტომ შეიძლება, სხვა სასტუმროებმაც ისარგებლონ ამით. უკვე ვეკონტაქტე „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელებს და ასევე სხვა სასტუმროებს“, - უთხრა bm.ge-ის ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომლებსაც დროებით დასაქმების სურვილი აქვთ, შეუძლიათ, დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე: 995 591 04 70 12, 995 591 04 70 10.

„ამ ვითარებაში, სხვა ბიზნეს კომპანიებსაც შეუძლიათ ასე მოიქცნენ. ჩემს სასტუმროში დასაქმებული თანამშრომლები, ვისაც ამ პერიოდში უნდოდა მუშაობა და არ ეშინია, დროებით სხვადასხვა კომპანიებში გადავანაწილეთ“, - ამბობს ალავერდაშვილი.

სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დროებით დასაქმების სურვილი „ნიკორა სუპერმარკეტმაც“ გამოთქვა. „ხარ დროებით უმუშევარი? - მოდი, „სპარში“, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხო სამუშაო გარემო“, - ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება დააგზავნა დღეს „სპარმაც“.

სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი იმედოვნებს, რომ ამ კამპანიას სხვა დამსაქმებელი კომპანიებიც შეუერთდებიან.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისის სასტუმროების 60% დაკეტილია, რესტორნების კი - თითქმის 100%.

„ბიზნესმა დაიწყო ერთმანეთის დახმარება. ბიზნესი ხედავს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დაზარალებულია სტუმარ-მასპინძლობის სექტორი და შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები რომ შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, მნიშვნელოვანია მათი დროებითი დასაქმება. ბიზნესმა გადაწყვიტა, ერთმანეთს დავეხმაროთ და მადლობა ყველას, ვინც ამ ინიციატივაში ჩაერთო და მომავალში ჩაერთვება“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.