06.დეკემბერი .2021 20:30

კომპანიების ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამშრომლების ნამუშევარი საათების ობიექტური აღწერა შეუძლებელია - კვლევა

კომპანიების ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამშრომლების ნამუშევარი საათების ობიექტური აღწერა შეუძლებელია - კვლევა
views 319
უკან

საქართველოში კომპანიების 34% მიიჩნევს, რომ მათი თანამშრომლების ნამუშევარი საათების ობიექტური აღწერა შეუძლებელია, - ამის შესახებ ნათქვამია დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დამსაქმებლების შეხედულებების კვლევას ეხება.

აღსანიშნია, რომ რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 309 დამსაქმებელი გამოიკითხა, თვისობრივი კვლევის ნაწილში კი ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმით 20 მსხვილი კომპანია, შეხვედრები ჩატარდა სამ ფოკუს- ჯგუფთან ჯამში 30 დამსაქმებლის მონაწილეობით.

კვლევის შედეგების და შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ აბუთიძემ „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა:

„დამსაქმებლები შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს მიესალმებიან, თუმცა არის საკითხები, როგორიც არის სამუშაო საათების აღწერა, რაც მათთვის მიუღებელია. ეს განპირობებულია ძირითადად იმით, რომ ცვლილებების დროს არ მოხდა გათვალისწინება თუ რა რაოდენობის დასაქმებული ჰყავს კომპანიებს. შრომის კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომ თუკი დასაქმებულის სამუშაო საათების აღწერა შეუძლებელია, მაშინ დამსაქმებლები თავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულებისგან. სამწუხაროდ, ამის შემდეგ არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, თუ რომელ პროფესიებს ეხება ეს ჩანაწერი. არსებობს პროფესიები, რომელთა სამუშაო დროის აღწერა შეუძლებელია, მაგალითად დისტრიბუცია, IT-სამსახური და ა.შ.“, - განაცხადა აბუთიძემ.

დამსაქმებელთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ უნდა განისაზღვროს პროფესიები, რომელთაც სამუშაო საათების აღწერილობის ვალდებულება უნდა მოეხსნას.

აქვე აღსანიშნია, რომ კვლევის მთავარი კითხვა 2020 წლის შრომის კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება იყო, სადაც გამოკითხულთა 51% საკანონმდებლო ცვლილებებს სრულიად საჭიროდ მიიჩნევს, 29%-მა შეაფასა, როგორც მეტ-ნაკლებად საჭირო, 14%-მა სრულიად არასაჭიროდ, დანარჩენ 6%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

დამსაქმებელთა ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ძირითადი პრობლემური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია შრომის კოდექსის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან და შრომის ინსპექტირების პროცესში არსებულ სიტუაციასთან.

„რაც შეეხება ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, დამსაქმებლები მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემები დაკავშირებულია ინსპექტირების პროცესის წინასწარ შეუტყობინებლობასთან, გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიწოდებისთვის მინიჭებულ შევიწროებულ ვადებთან, რაც თავის მხრივ იწვევს საწარმოო პროცესის შეფერხებას.

ასევე გამოვლინდა ისეთი საკითხები, რომელთა შესახებაც კერძო სექტორი მიზანშეწონილად მიიჩნევს, თუ გათვალისწინებული იქნება საქმიანობის სპეციფიკა. დამსაქმებლებმა აღნიშნეს, რომ ბიზნეს პროცესებს აფერხებს ისეთი საკითხები, როგორებიცაა თვეში ერთხელ ხელფასის გაცემის ვალდებულება, შესვენების უფლებით სარგებლობის საკითხი შესასრულებელი სამუშაოს ტიპის გათვალისწინების გარეშე, დასაქმებულის ჯანმრთელობის ცნობის გამოთხოვის აკრძალვა, თითოეული არსებითი პირობის ხელშეკრულებით განსაზღვრის ვალდებულება და სხვა“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ შრომის ინსპექციის მიერ ხელშეკრულების პირობების განმარტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კომპანიის საქმიანობა და სამუშაო სპეციფიკა; ასევე საჭიროა სოციალური პარტნიორობის ერთობლივი მონაწილეობით ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების გატარება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა