21.აპრილი .2021 19:35

კომპანიებმა 3 თვეში 430 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს

კომპანიებმა 3 თვეში 430 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს
views 331
უკან

გამოქვეყნდა 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტმა იანვარ-მარტის განმავლობაში მოგების გადასახადიდან 430 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც პირველი კვარტლის გეგმის 94.5% იყო.

საქართველოში 2017 წლიდან განაწილებული მოგების გადასახადი (ე.წ. ესტონური მოდელი) მოქმედებს, რომლითაც კომპანიების მიერ მათ მესაკუთრეებზე განაწილებული მოგება 15%-ის ოდენობით იბეგრება.

ცალკეული სექტორების მიხედვით ცნობილია მხოლოდ საბანკო სექტორის მიერ გადახდილი მოგების გადასახადის მოცულობა, რომელიც 33 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება სხვა გადასახადებს, მოგების გადასახადის მსგავსად, მაღალია დღგ-ის, საშემოსავლო და აქციზის გადასახადების შესრულების მაჩვენებელიც. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადის სახით 779.5 მილიონი ლარი მიიღო, რაც პირველი კვარტლის გეგმის 98%-ია. დამატებული ღირებულების გადასახადიდან 976.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც პირველი კვარტლის გეგმის 98% იყო. აქციზიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 306.7 მილიონი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 137%-ია.

მთლიანობაში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა, რაც გეგმით განსაზღვრულის 100.3%-ია.

2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი, შესაბამისად, ამ საპროგნოზო მაჩვენებელს ეფუძნება მიმდინარე წლის საგადასახადო გეგმაც. თუკი გადასახადების შესრულების მიმდინარე მაჩვენებელს 2020 წლის პირველი კვარტლის შედეგბს შევადარებთ, დავინახავთ რომ გასული წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტმა გადასახადებიდან ჯამში 120 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღო ვიდრე წელს.

მაგალითად, მოგების გადასახადის სახით 2020 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტმა 442 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლევანდელ მაჩვენებელს 12 მილიონი ლარით აღემატება.

ცალკეული გადასახადების მიმართულებით ყველაზე დიდი სხვაობა საშემოსავლო გადასახადშია, საიდანაც 2020 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტმა 911 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის პირველ კვარტალში კი ამ გადასახადის შესრულება 14.5%-ით არის შემცირებული, ეს კი თავისმხრივ ქვეყანაში გაზრდილ უმუშევრობას და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. ამ ფაქტორების გამო, 2021 წლის ბიუჯეტით საშემოსავლო გადასახადის უფრო დაბალი საპროგნოზო გეგმა განისაზღვრა ვიდრე გასულ წელს იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა