მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კომპანიებმა ბაზარს 100%-იანი სადაზღვევო დაფარვები გაუაზრებლად შესთავაზეს”- პაატა ღაძაძე

60c780c981cbe
ანუკა ჯოხაძე
14.06.21 20:44
2164
სამედიცინო დაზღვევის გაძვირება გარდაუვალია - კერძო სადაზღვევო კომპანიები სადაზღვევო პაკეტების ფასების მატებაზე საუბრობენ. კერძო სექტორის თქმით, ფასების ზრდა კონკრეტულ პაკეტებთან მიმართებით უკვე დაწყებულია. ერთ-ერთ მიზეზად კერძო სექტორი მაღალ ინფლაციას და სამედიცინო მომსახურების გაძვირებას ასახელებს.

გარდა სამედიცინო მომსახურების გაძვირებისა ან კომპანიების მხრიდან ხარჯების ოპტიმიზაციასა, რაც დაზღვეული თანამშრომლებისთვის სადაზღვევო პოლისების გაუქმებაში გამოიხატა, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე დაზღვევის გაძვირების სხვა ფაქტორებსაც ასახელებს.

მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი კორპორატიულ სამედიცინო პაკეტებზე მოხმარების გაზრდაა. როგორც ის აღნიშნავს, სადაზღვევო კომპანიებმა კერძო სექტორს 100%-იანი დაფარვები წლების წინ შესთავაზეს, რომლის გამოყენებაც დაზღვეულმა თანამშრომლებმა გადაჭარბებით დაიწყეს.

“საქართველოში სამედიცინო დაზღვევის 5-6%-ია საცალო, დანარჩენი კორპორატიულია, რაც ნიშნავს, რომ დამქირავებელი ყიდულობს. ეს ბაზარი კი საკმარისად მაღალი კონკურენციის გამო არაადეკვატურად სტრუქტურიზებული იყო პროდუქტის კუთხით. ამაში კი იმას ვგულისხმობ, რომ რადგანაც დაზღვევის პაკეტს დამქირავებელი ყიდულობს და თანამშრომელმა იცის, რომ სრულად არის 100%-ით დაზღვეული, ეს თანამშრომელი ცდილობს, რომ მეტი მოიხმაროს. დაზღვეული ცდილობს, მაგალითად შამპუნი იყიდოს, რომელიც დაფარვაშია, ან წამალი შეიძინოს წინასწარ და ა.შ. ამის წინაპირობა კი იყო ის, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ბაზარს გაუაზრებლად შესთავაზეს 100%-იანი დაფარვები", - აცხადებს თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე.

მისივე თქმით, გამოსავალი არის სადაზღვევო პაკეტებში დაზღვეულების თანამონაწილეობის კომპონენტის გაჩენა. ღაძაძის მოსაზრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებს ფასის მინიმუმ 15%-ით გაზრდა მოუწევთ.