მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომუნალური გადასახადების დიფერენციაცია კოლაფსს გამოიწვევდა“ - ენერგოომბუდსმენი

5fb2840cbdf5e
ინგა მურუსიძე
16.11.20 21:41
1620
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომუნალური შეღავათების პროგრამა გრძელდება და ფიზიკურ პირებს კომუნალური გადასახადები 4 თვის მანძილზე - ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში დაეფარებათ.

გადასახადი დაუსუბსიდირდებათ მოქალაქეებს, რომლები თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. მათ დაეფარებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც. ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება (სემეკი).

ასევე მათ, ვინც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია (სემეკი).

ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი კომუნალურების სუბსიდირებას ცალსახად დადებითად აფასებს და ამბობს, რომ "ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა, რადგან მომხმარებელთა ინტერესში შედის".

თუმცა საკითხი შეეხება იმას, რომ გაზაფხულთან შედარებით ახლა კომუნალურების მოხმარება გაიზრდება, რაც დასუბსიდირებული მომხმარებლების რიცხვს შეამცირებს. სალომე ვარდიაშვილი მიიჩნევს, რომ დახმარებას უნდა იღებდეს ის, ვისაც სჭირდება, თუმცა მთავარია, რომ ზამთარში მოქალაქეები დახმარების მიღებას შეძლებენ.

„რაც შეეხება დიფერენციაციას, ალბათ უკეთესი იქნება დახმარება მიიღოს იმან, ვისაც სჭირდება. თუმცა სამწუხაროდ, ამის გათვლა და ამ ტიპის მომხმარებლების გადაწყობა გამოიწვევდა ისეთ კოლაფსს, რომ მთელი წელი ვერ დასრულდებოდა დიფერენციაცია. მაგალითად, მომხმარებელი ერთი და მომხმარებელი ორი რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან მატერიალური მდგომარეობით, გარჩევა იქნებოდა ძალიან რთული და ვერ მოვახერხებდით ვერანაირად“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ენეგოომბუდსმენი ეთანხმება ფინანსთა მინისტრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შედეგები, თუ რამდენი მომხმარებელი ისარგებლებს კომუნალური შეღავათით, 4 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

ინფორმაციისთვის, სემეკის ვებგვერდზე მოქმედებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმა ( https://gnerc.org/ge/covid-19 ), სადაც იმ მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია, და სოლიდარობის ნიშნად, არ სურთ ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით, მასზე უარის თქმის დაფიქსირება შეუძლიათ.