მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნალური ტარიფების სუბსიდირება 383 მილიონი ლარი დაჯდა

6065ec4eaab22
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.21 22:00
917
დღეს გამოქვეყნდა 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელებს კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამა 383 მილიონი ლარი დაუჯდა. აქედან უშუალოდ 2020 წელს 328.9 მილიონი ლარის ათვისება მოხდა, დანარჩენი თანხის ათვისება კი 2021 წელს. 

კომუნალური ტარიფების სუბსიდირება ორ ეტაპად განხორციელდა - აქედან პირველი ეტაპი გასული წლის გაზაფხულზე - მარტში, აპრილსა და მაისში იყო. მეორე ეტაპი კი 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და 2021 წლის თებერვალში დასრულდა. პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 172.7 მილიონი ლარი, მეორე ეტაპის ღირებულება კი 210 მილიონი ლარი.

მომხმარებლები/ოჯახები იღებდნენ კომუნალური ტარიფების სუბსიდიას იმ შემთხვევაში, თუ ისინი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის 200 კილოვატ/საათზე ნაკლებ მოცულობას, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კი 200 მ³-ზე ნაკლებ მოცულობას ხარჯავდნენ. მათ ასევე სასმელი წყლის და დასუფთავების მოსაკრებლის დაფინანსებაც ეძლეოდათ. ამასთან არსებობდა სპეციალური უარის თქმის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც სურვილის შემთხვევაში მომხმარებლებს სუბსიდიაზე უარის თქმა შეეძლოთ.

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან 172.7 მილიონი ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან კი 210.0 მლნ ლარით დაფინანსდა. 

კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამას მისი დაბალი მიზნობრიობის გამო აკრიტიკებდნენ, რადგან მისი მეშვეობით სუბსიდია მიიღო მოქალაქეთა ფართო წრემ განურჩევლად იმისა თუ როგორ აისახა მათზე COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისი.