მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნალური ვაუჩერები, საშემოსავლო გადასახადის მოხსნა - მაჭავარიანი შესაძლო ნაბიჯებზე

5e77523b66207
დავით ჯალაღონია
22.03.20 15:54
29816
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავებას პირველ რიგში ყველაზე მეტად დაზარალებული საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გარდა ამისა, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური სტიმულირების გეგმაზე და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ მიმდინარეობს მუშაობა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მოქალაქეებისა და ბიზნეს სუბიექტებისთვის სამომავლო მხარდამჭერ ღონისძიებებს შორის, სხვადასხვა მექანიზმი განიხილება, მათ შორის ელექტროენერგიის ვაუჩერის გაცემა, საშემოსავლო გადასახადის მოხსნა და ა.შ.

„ჩვენ ახლა ხელოვნურად გვაქვს შეჩერებული აქტივობები, რომ ვმართოთ ვირუსის გავრცელება. რასაკვირველია, ამის შედეგად ეკონომიკა დაზიანდება და მას დასჭირდება სტიმულირება. ეს პაკეტი მთლიანად გამზადებულია. რამდენად დაზიანდება ეკონომიკა, ამის რამდენიმე სცენარია მსოფლიოშიც, იმის მიხედვით, თუ ვირუსის რა ხანგრძლივობა და რა მასშტაბი იქნება.

არის სცენარი, რომლის მიხედვით თვენახევარი/ორი თვის შემდეგ ძირითადად აღდგება შიდა ეკონომიკური აქტივობები, არის სცენარი ასევე, რომლის მიხედვით, ცოტა მოგვიანებით აღდგება - სამი-ოთხი თვის შემდეგ და ა.შ.

ამ პერიოდში რაზეა საუბარი? - ერთი ის, რომ სოციალურად დაცვის მექანიზმები შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკიდურესად გაუჭირდება ცხოვრება.

ასევე, არის სხვადასხვა ვარიანტები, ამაზე მოგვიანებით გეტყვით. არის საუბარი რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე, ასევე შეიძლება ბიზნესს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დავუთმოთ, მათ მოვუხსნათ გადასახადი, რომ ხელფასების გაცემა შეინარჩუნონ. სამწუხაროდ, ერთი ზომა ყველას არ ჰყოფნის.

ჩვენ ჩვენს ბიუჯეტს ამ სოციალური მიზანშეწონილობის მიხედვით ვაკეთებთ და ამავდროულად, ვსაუბრობთ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე. ვიცით და გვჯერა, რომ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ამიტომ სტიმულირების პაკეტზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.