მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება

5dcae9c5c240c
BM.GE
12.11.19 23:08
864
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების წარდგენის ვადა 15 ნოემბერს იწურება.

კომისიის ერთ-ერთ წევრს 2020 წლის 24 იანვარს ეწურება უფლებამოსილების ვადა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ოქტომბრის განკარგულების თანახმად, ღია კონკურსი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით 2019 წლის 17 ოქტომბრიდან გამოცხადდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავების მიზნით, ყველას აქვს უფლება დაასახელოს კანდიდატურა ღია კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:
ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს
წარდგენილი პირის თანხმობა;
ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) უმაღლესი განათლების (შესაბამისი სპეციალობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) არანაკლებ 10 წლის (აქედან 3 წელი მმართველ თანამდებობაზე) მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;
თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საბუთები მიიღება 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. #7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები გამოქვეყნდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.