მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულ მხარეს ჰგავს და არა ნეიტრალურ არბიტრს – "მაგთიკომი"

60bcfc4ea2a78
სალომე მეცხვარიშვილი
07.06.21 10:10
1080
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარში დაფუძნებულია სიცრუეზე და ფაქტების დამახინჯებაზე - ასეთია კომპანია “მაგთიკომის” შეფასება მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე, სადაც კახა ბექაურის უწყება 2020 წელს აჯამებს. კომუნიკაციების კომისია წერს, რომ მობილური ოპერატორების ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია და გვარწმუნებს, რომ ბაზარს ვირტუალური მობილური ოპერატორები სჭირდება. MVNO - არის კომპანია, რომელიც მობილური ოპერატორის მსგავს სერვისს აწვდის მოხმარებელს, თუმცა, ამისთვის საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია და სწორედ “მაგთიკომის”, “სილქნეტისა” და “ბილაინის” ქსელს გამოიყენებს. საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულება მობილურ ოპერატორებს კომუნიკაციების კომისიამ დაავალა, თუმცა, ოპერატორებს შენიშვნები და წინააღმდეგობები აქვთ.

კომუნიკაციების კომისია 2020 წლის ანგარიშში მიუთითებს, რომ ვირტუალური ოპერატორის დაშვების ვალდებულება 2005 წლიდან არსებობდა, თუმცა, მცირე და საშუალო ოპერატორებს საკუთარ ქსელზე დაშვებაზე უარს ეუბნებოდნენ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიები, დღეს ამ კომპანიებში იგულისხმება – “მაგთიკომი”, “სილქნეტი” და “ბილაინი”. სწორედ ამ მიზეზით კომისიამ რეგულაცია ასე ვთქვათ დააზუსტა – განსაზღვრა კონკრეტული ვადა და წესები ვირტუალური ოპერატორის დაშვებისთვის. თუმცა, კომუნიკაციების კომისიის ამ განცხადებას არ ეთანხმებიან ოპერატორები.

კომპანია “მაგთიკომში” მარეგულირებელს მოუწოდებენ, წარადგინოს კონკრეტული ფაქტები, როცა რომელიმე მსხვილმა ოპერატორმა, მათ შორის “მაგთიკომმა” ვირტუალურ ოპერატორს საკუთარ ქსელზე დაშვებაზე უარი უთხრა.

“თუ არსებობს მოთხოვნა მცირე და საშუალო ოპერატორების მხრიდან და ჩვენ ხელოვნურად ვებრძვით, ერთი საჩივარი მაინც თუ არსებობს, სადაც წერია, რომ კომისიას ვინმემ მიმართა და თქვა, რომ პირობითად, “მაგთიკომი” არღვევს საკანონმდებლო ვალდებულებას? არ არსებობს მსგავსი საჩივარი და მსგავსი ფაქტი”,– აცხადებს “მაგთიკომის” იურისტი ლევან გიორგაძე “საქმის კურსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, კომისიას სურს ამ განცხადებებით შექმნას საფუძველი, რომ ქვეყანაში ვირტუალური ოპერატორების შემოყვანა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

“კომუნიკაციების კომისიის ქცევა ბოლო წლებში ამ მიმართულებით არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კომისია იქცევა როგორც მარეგულირებელი. ის უფრო მხარეს ჰგავს ამ მიმართულებით, ვიდრე ნეიტრალურ არბიტრს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს გარკვეული რეგულაციის დადებითი ან უარყოფითი მხარეები”,– აცხადებენ კომპანია “მაგთიკომში”.

მობილური ოპერატორები “საქმის კურსთან” ამბობენ, რომ ისინი ბაზარზე კონკურენციის გაზრდის და ვირტუალური მობილური ოპერატორების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა, არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას კომისია სთავაზობს. კომპანია “სილქნეტში” ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის მტკიცებისა, არცერთ ევრუპულ ქვეყანაში მსგავი ფორმით რეგულაცია არ არსებობს.

“სილქნეტის” სტრატეგიული განვითარების დირექტორი ლევან ბუჩუკური “საქმის კურსთან” ამბობს, რომ ბოლო 15 წელია არცერთ ევროპულ ქვეყანაში აღარ არსებობს ვირტუალური მობილური ოპერატორების ქსელზე დაშვების ვალდებულება და ეს მხოლოდ ორ ბიზნესსუბიექტს შორის შეთანხმების საგანია.

“დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს გონივრული პირობებით მობილური ვირტუალური ოპერატორის დაშვებას ქსელზე და ამას დამატებითი რეგულაცია არ სჭირდება. ეს მუხლი, დიდი ხანია არსებობს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მობილურ ოპერატორს სურს დაშვება ქსელზე, ამის შესაძლებლობა მას დღესაც გააჩნია. აქ მნიშვნელოვანი ისაა, იქნება ეს ყველაფერი იძულების წესით/სავალდებულო, რომლის მსგავსი პრაქტიკა ევროკავშირის შიგნით აღარ არსებობს, თუ ეს იქნება ორმხრივი ბიზნესშეთანხების საფუძველზე, როცა ორივე მხარე მოილაპარაკებს გონივრულ ფასებსა და პირობებზე”,– ამბობს ლევან ბუჩუკური.

ამასთან, კომპანიებს არ მოსწონთ რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს, რომ თუ ბიზნესკომპანიები(ვირტუალური ოპერატორი და მობილური ოპერატორი) ვერ შეთანხმდებიან ტარიფებზე ან სხვა საკითხებზე, მათ მოუწევთ კომუნიკაციების კომისიის დაწესებულ წესებს და სატარიფო მეთოდოლოგიას დაეყრდნონ. სწორედ ამიტომ კომპანია “მაგთიკომი” არ ეთანხმება კომისიის განცხადებას, რომ ვირტუალური მობილური ოპერატორების შემოყვანით მარეგულირებელი სატარიფო პოლიტიკაში არ ერევა.

“ესეც მორიგი ტყუილია. კომისიამ კონკრეტულად განსაზღვრა, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები თუ ორი სუბიექტი ვერ შეთანხმდება, რა კონკრეტული მეთოდოლოგიით მოხდება დავის განხილვა სატარიფო ნაწილში და ა.შ. ეს არ არის ორ ბიზნეს სუბიექტის თავისუფლება, კონკრეტული მეთოდოლოგიაა შემოთავაზებული, რომლის ფარგლებშიც ორი სუბიექტი შეზღუდულია, რომ გადაწყვეტილება მიიღოს”,– აცხადებს “მაგთიკომის” იურისტი ლევან გიორგაძე.

ვირტუალური ოპერატორების საკითხი ბოლო თვეებია მობილურ კომპანიებსა და კომუნიკაციების კომისიას შორის დაპირისპირების საგნად იქცა. არსებობს მოსაზრება, რომ მსხვილ მობილურ ოპერატორებს ბაზარზე ახალი კომპანიების გაჩენა და კონკურენცია არ სურთ, თუმცა, თავად უმსხვილესი ქსელები აცხადებენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ შემოთავაზებული რეგულაცია, არამარტო კომერციულად არის გაუმართლებელი, არამედ, შესაძლოა, კონკურენცია გაზრდის ნაცვლად შეამციროს კიდეც.

“მსხვილ კომპანიებს მობილურ ვირტუალურ ოპერატორებთან კონკურენციის ეშინიათ”