მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია მედიის კრიტიკას გეგმავს, ამისთვის კომისიამ სპეციალური ვებგვერდიც შექმნა

5e00cdc71dd76
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.19 18:45
1004
Mediacritic.ge არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მიერ შექმნილი ახალი ვებ-პლატფორმა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. 

GNCC-ის ინფორმაციით, "მედიაკრიტიკის ონლაინ-პლატფორმის მიზანია, ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა. მედიაკრიტიკის პლატფორმა კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნა."

ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ კომისიის მიერ შერჩეული ექსპერტთა ჯგუფი, მიზნად ისახავს დაეხმაროს და ხელი შეუწყოს საქართველოში ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პროფესიულ განვითარებას.

"ინფორმაციის სიზუსტე; მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება; საზოგადოებრივი ინტერესი და ანგარიშვალდებულება; ფაქტების და შეფასებების გამიჯვნა; ბალანსი; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; სარედაქციო დამოუკიდებლობა და ნდობა - ის ძირითადი პრინციპებია, რომელსაც მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსი ეფუძნება. mediacritic.ge სწორედ ამ პრინციპებზე დამყარებულ მედიაკრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას და ასევე, ხელს შეუწყობს მედიაკრიტიკოსთა პროფესიული წრის ჩამოყალიბებას.

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ონლაინ და სოციალური მედია ხშირად ინფორმაციულ ქაოსს ქმნის, ყოველდღიურად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის ფეიკ-ნიუსები, საზოგადოებას სჭირდება მაღალი სტანდარტის მედიაკრიტიკა, რომელიც შექმნის ინფორმაციის პროფესიულ და კვალიფიციურ ფილტრს.

დღეს ქართულ მედიასივრცეში არ არსებობს პლატფორმა, სადაც მიუკერძოებელი და მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტზე დაფუძნებული მედიაკრიტიკის გაცნობის შესაძლებლობა აქვს საზოგადოებას. მედიააკადემიის მიზანი სწორედ ასეთი პლატფორმის შექმნაა, რომელიც იმავდროულად დაეხმარება მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნაში.

შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ დააფუძნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი და მედიააკადემია, რომელიც მედიაკრიტიკის ვებ-პლატფორმის გარდა, კიდევ ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: მედია სკოლა – რომელიც მედია-მენეჯერებს, პროდიუსერებსა და ჟურნალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება და მედია ლაბი - ლაბორატორია, რომელიც მიზნად ისახავს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის პრეს-რელიზში. 

დღესვე ორგანიზაციამ საკუთარ facebook-ზე პროექტის საპრეზენტაციო ვიდეო გამოაქვეყნა: