მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ალტ ინფოსთან“ დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო

610797e739b22
თათია კაკიაშვილი
02.08.21 22:30
444
კომუნიკაციების კომისიამ შპს „ალტ ინფოსთან“ დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო - კომისიამ „ალტ ინფოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული გადაცემების „ალტ-ინტერვიუ“ და „ალტ-ანალიტიკა“ წამყვანების და მიწვეული სტუმრების მიერ უცენზურო ლექსიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამით „უხამსობის ტირაჟირება ხდებოდა“. შესაბამისად, კომისიამ უხამსობის ტირაჟირება სამართალდარღვევად ცნო.

„კომუნიკაციების კომისიამ გადაცემების ეთერში განთავსების მართლზომიერება საკუთარი ინიციატივით შეისწავლა და მიიჩნია, რომ „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული გადაცემები შეიცავდა განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული. „ალტ ინფოს“ გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს, რითაც მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა“, - წერია ორგანიზაცია "მედიის უფლებების" ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიამ აქცენტი გააკეთა უხამსობაზე და არა ძალადობის სავარაუდო ტირაჟირებაზე, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას. ამასთან, კომისიამ შეისწავლა მხოლოდ რამდენიმე დღის ეთერი და არ მიიღო მხედველობაში ფართო კონტექსტი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შპს “ალტ ინფო” 2021 წელს ორჯერ იყო სანქცირებული. მათ შორის, ერთ-ერთი სანქცია გამოყენებულ იქნა არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის გამო.