მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისიის არგუმენტები სპეციალური მმართველის დანიშვნაზე მიუღებელია - IDFI

605b5f1f3f624
სალომე მეცხვარიშვილი
24.03.21 23:00
846
2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დანიშნა - ეს გადაწყვეტილება მარეგულირებელმა “ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან” გამომდინარე ახსნა; ამასთან მარეგულირებელი ხაზს უსვამდა, რომ “კავკასუს ონლაინი” ფლობს შავ ზღვაში მდებარე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელს, რომელიც უცხოეთის მოქალაქეების ხელში კომისიის გვერდის ავლით გადავიდა; კომისია მიუთითებდა ამ კაბელის, როგორც ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მნიშვნელობას - ეს იყო ის ძირითადი არგუმენტები, რომლითაც კომუნიკაციების კომისია ვენეციის კომისიის დელეგაციის წინაშე წარდგა და სცადა აეხსნა, რით იყო განპირობებული კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა, რომელსაც საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნდა. სპეც. მმართველის მარიამ სულაბერიძის დავალება იყო, საწყის მდგომარეობაში დაებრუნებინა “კავკასუს ონლაინის” წილები, რომლის 49%-იც ხვიჩა მაქაცარიამ “ნექსოლ ჰოლდინგს” მიჰყიდა და ტრანზაციის შესახებ კომუნიკაციების კომისიას არ შეატყობინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაციის კომისიის არგუმენტაცია მისაღები არ არის, რამდენადაც ქვეყანაში მსგავსი ინფრასტრუქტურის უცხოელებზე გაყიდვა არ იკრძალება. IDFI-ში ამბობენ, რომ ამ გარემოებას ვენეციის კომისიამაც გაუსვა ხაზი, როცა კომუნიკაციების კომისია გააკრიტიკა, რომ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნა მას განუზომელ უფლებამოსილებას ანიჭებს.

“ვიაზრებთ, რომ ქვეყანაში თუ არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და თუ იკვეთება ეროვნული ინტერესი, ეს ინფრასტრუქტურა სახელმწიფომ უნდა დაიცვას. მაგრამ სპეციალური მმართველის დანიშვნა, განსაკუთრებით ამ უფლებამოსილებებით - არ არის გზა.

საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს აკრძალული მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის გასხვისება უცხოეთის მოქალაქეზე და შედეგად არც “კავკასუს ონლაინს” ჰქონდა ეს აკრძალული. თუ ეს რეალური საფრთხე იყო, ამის გაკეთება პარლამენტს აქამდეც შეეძლო. თუ ოპტიკურ კაბელზე აუცილებელია მესაკუთრე იყოს ქართველი, ამის ჩაწერა კანონმდებლობაში პარლამენტს მანამდე შეეძლო. ის, რომ ეს აკრძალვა დღეს არ არსებობს, ნიშნავს, რომ თავისთავად საქართველო რისკად არ აღიარებს იმას, რომ უცხოელს ჰქონდეს ეს კაბელი”,- აცხადებს IDFI-ის მთავარი იურისტი გიორგი დავითური.

მისივე თქმით, ზოგადად კომუნიკაციების კომისია არ არის ის უწყება, რომლის უფლებამოსილებებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა შედის, ამიტომ ამ არგუმენტით კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა გაუმართლებელია.

“კაბელის ფლობა აქციების ფლობასთან არ უნდა გავაიგივოთ. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ინფრასტრუქტურის ფლობა თავის თავში ყველა რეგულირებისგან ათავისუფლებს მას და ახალ მფლობელს თუ მოუნდება, გადაჭრის ან თუ უნდა ვინმეს უარს ეტყვის ვინმეს ინტერნეტის მიწოდებაზე - ეს ასე არ არის”,- აცხადებს გიორგი დავითური და ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიას და სახელმწიფოს დღესაც აქვს შესაძლებლობა საკუთარ რეგულირებაში მოაქციონ და აკონტროლონ ეს ინფრასტრუქტურა.