მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონგრესმენები გახარიას - ანაკლიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პოლიტიკურ იერსახეს ატარებს

5e2881f15eb12
შოთა ტყეშელაშვილი
22.01.20 20:50
2032
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე ელიოტ ენგელი, კონგრესმენები ადამ კინზინგერი, ჯერალდინ კონოლი და მაიკლ მაკკოლი ხელს აწერენ წერილს, რომელიც მათ საქართველოს მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიას გაუგზავნეს. წერილის ასლი საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა. აღნიშნულ წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში მმართველი პარტიის ოპონენტების მიმართ სამართლებრივი დევნის ფაქტების გააქტიურებით, ასევე აცხადებენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ მთავრობის მიერ გატარებული ნაბიჯები პოლიტიკურ იერსახეს ატარებს. კონგრესმენთა შეფასებით, ანაკლიის კონსორციუმში ამერიკული კომპანიებისთვის ინვესტირებისთვის ხელისშეშლა ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუარესებაზე მეტყველებს. 

აღნიშნული წერილი 2020 წლის 21 იანვრით თარიღდება. 

კონგრესმენთა წერილი გიორგი გახარიას:


"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია,

გწერთ, როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისკენ და დასავლეთში ინტეგრაციისკენ. თუმცა, როგორც ზოგიერთმა ჩვენგანმა თქვენს წინაშე 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში უკვე გამოვხატეთ, ჩვენ შეშფოთებული ვართ გადაწყვეტილებით, უარი თქმულიყო დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ამასთან დაკავშირებული ძალადობით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამავე დროს, ჩვენში განგაშს იწვევს ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტის პოლიტიზება. 

მაშინ, როცა საქართველო, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ კვლავ მოგიწოდებთ დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველჰყოთ მისი დაცულობა როგორც შიდა, ისე გარე ჩარევისგან. 2019 წლის 17 დეკემბრით დათარიღებულ საპასუხო წერილში თქვენ დაგვპირდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება. თუმცა, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, ფეისბუკს მოუწია „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელის დახურვა. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები, როგორც სჩანს, ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ შეხედულებებს, უბრალოდ მიუღებელია. 

ამავე დროს, ჩვენ გვაშფოთებს ცნობები, „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორების მიერ ძველ საქმეების კვლავ აღძვრის შესახებ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. ამ საქმეების ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს ღირებულება, სხვები კი აღქმულია, როგორც, წამყვანი ოპოზიციური ლიდერების, ახალი ამბების მწარმოებლების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება. კანონის უზენაესობის დაცვა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის - რისი გარანტიაც თქვენმა პარტიამ გასცა. 

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართველი ხალხის მძლავრ სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. მაგრამ, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მოცემული იმედის მიუხედავად, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე აშშ-ში. სამწუხაროდ, ეკონომიკის ინდიკატორები აჩვენებს მკვეთრ კლებას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საქართველოში, იმ ფონზე, როცა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა შევიწროება განიცადეს, რის გამოც ბევრმა გადასინჯა საკუთარი ბიზნესწამოწყებები.


მეტიც, ქართული ოცნების მიერ ამერიკული მხარდაჭერის მქონე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკური მოტივით სამიზნედ ქცევის აღქმამ, ხელი შეუშალა ამ მნიშვნელოვან პროექტში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების ჩადებას. მოვლენათა ამგვარი განვითარება გაუარესებულ ბიზნეს გარემოზე მეტყველებს, რასაც თავისმხრივ შეუძლია ხელი შეუშალოს ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში. შემცირებული უცხოური ინვესიტიციები არა მხოლოდ აზიანებს ქართველ ხალხს და დასავლურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციის იმედებს, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს შეუძლია იყოს მნიშვნელოვანი ჰაბი აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით მიმავალი სასაქონლო ტვირთებისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის წარმატების საწინდარი იქნებოდა. 

ჩვენ ამ წუხილებს გამოვხატავთ იმ იმედით, რომ საქართველოს დემოკრატია გაძლიერდება და ხელს შევუშლით აშშ-ის კონგრესის საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის უარყოფითისკენ შეცვლას. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაზარდოს ეკონომიკური კეთილდღეობა ქართველი ხალხისთვის ისე, რომ საქართველომ შეძლოს მომდევნო ბევრი წლის განმავლობაში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება. ველოდებით თქვენს პასუხს,"- წერია წერილში.