31.მაისი .2021 18:48

კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე დღეს არ ვილაპარაკებ - გახარია

კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე დღეს არ ვილაპარაკებ - გახარია
views 257
უკან

კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე დღეს არ ვილაპარაკებ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

კითხვაზე, მიუღია თუ არა მას პრემიერის რანგში დამოუკიდებელი გადაწყვეტილება კორუფციული ფაქტების აღსაკვეთად, გახარიამ უპასუხა, რომ "ბევრჯერ".

„მე დღეს და გუშინაც ხაზგასმით ვსაუბრობდი სისტემურ პრობლემებზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი გარდამავალი ეკონომიკის, გარდამავალი დემოკრატიის, რეფორმირების სტადიაში მყოფი ქვეყნისთვის კორუფცია არის უზარმაზარი გამოწვევა. რატომ არის ეს დღეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და რატომ გავამახვილე ყურადღება გუშინ? მე ადრეც ვთქვი ეს. მე ვხედავ სისტემურ რისკს. დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა არის სუსტი ინსტიტუტები, როცა ქვეყანას აქვს სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფციული რისკები და ნეპოტიზმი არის უკვე სისტემური პრობლემა. ეს არ არის კონკრეტული ქეისების პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოს მშენებლობას და განვითარებას. ეს არის სისტემური თემა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ კორუფციას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის პოსტიდან ასახელებდა. 

„ნეპოტიზმს რაც შეეხება, ინტერესის გამო მაინც თუ შეგიძლიათ იპოვეთ ჩვენს გუნდში ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად არის ჩემთან დაკავშირებული და ამ ნიშნით დაინიშნა სადმე, ასეთი რამ არ ყოფილა. მე ვთვლი, რომ ნებისმიერი დონის მენეჯერისთვის არაგონივრული ნაბიჯია. ეს არის ჩვეულებრივი, ელემენტარული წესები. ზუსტად დაახლოებით 5-6-თვის წინ, როცა მთავრობის ახალი მანდატი მტკიცდებოდა პარლამენტში გავაკეთე განცხადება და ზუსტად მეორე დღეს ოფიციალურად მივმართე საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს და მე უკვე წამოსული ვიყავი, როცა დამტკიცდა და მისი მიზანი იყო ანტიკორუფციული საბჭოს პრემიერის დაქვემდებარებაში გადმოტანა. ამ ყველაფრის მიზანი დღესაც არის და მაშინაც იყო, რომ ჩვენნაირ ქვეყნებს გაცხადებული ანტიკორუფციული სტრატეგია უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა გახარიამ.

ყოფილი პრემიერის თქმით, მას ჰქონდა მოლაპარაკებები მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომ კორუფციული საქმეების გამოძიების მექანიზმები საქართველოში იყო ჩამოსაყალიბებელი.

„დღეს ეს ყველაფერი ბევრ სხვადასხვა საგამოძიებო უწყებებშია გადანაწილებული, რაც არის სისტემური პრობლემა. შეიძლება იყოს რამდენიმე თემა, სადაც ვიღაცა მკითხავს, სად იყავი შენ, გახარია, ახლა რომ ამბობ ამას? ასეთი იყო რამდენიმე ინიციატივა, რომელიც დავიწყეთ. ესენია ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, დეოკუპაციის სტრატეგიის განხორციელება და ინტეგრაციის მექანიზმების უნიფიცირება პრემიერის აპარატის ქვეშ. ეს ყველაფერი მე დაწყებული მქონდა და არ არის საკითხები, რომელიც გუშინ დავიწყე.

კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე დღეს არ ვილაპარაკებ. ბოლო არჩევნების შემდგომ კარგად გამოჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე, ხოლო ეს და კორუფციული რისკები ერთად არის სისტემური პრობლემა ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ამ პრობლემას სისტემურად არ მივხედეთ, არ გამოვა სხვანაირად“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, პრემიერობის დროს, მისი ნაბიჯები იყო პრევენციული, რადგან საერთაშორისო საზომით, საქართველოში კორუფციის რისკი საკმაოდ დაბალია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა