მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის მხარდაჭერის და განვითარების მიზნით ეროვნულ ბანკსა და ბაზრის მარეგულირებლებს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა

61aa356cdcca6
BM.GE
03.12.21 19:17
543
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ბაზრის ხუთ მარეგულირებელს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წარმოდგენელმა, ვახტანგ აბაშიძემ ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიზანი კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური ერთობლივი კონფერენციის ჩატარებაა, სადაც უწყებები წლის მანძილზე განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგებს შეაჯამებენ.

კობა გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებთან ვრცლად ისაუბრა თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა საკითხის აუცილებლობაზე ეკონომიკური ზრდის ასპექტში და მონაწილეებს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

“კონკურენციის პოლიტიკებზე მუშაობის თვალსაზრისით 2020 წელი მნიშვნელოვანი წელი იყო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ორგანული კანონით სებ-ს უკვე ჰქონდა განსაზღვრული კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების მანდატი, 2020 წელს კონკურენციის კანონში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმისათვის, რომ უფრო სიღრმისეულ პოლიტიკებსა და რეგულაციებზე დაგვეწყო მუშაობა. 2021 წელს ორი აქტი შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ. აღნიშნული წესები კონკურენციის სააგენტოს მეორად კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოწინავე პრაქტიკებს დაეფუძნა. მათი შემუშავების პროცესი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ექსპერტული დახმარებისა და, კონკურენციის სააგენტოსა და ფინანსურ სექტორთან ინტენსიური ჩართულობითა წარიმართა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას სააგენტოსა და მსოფლიო ბანკს. როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოს ეკონომიკურ ბაზრებზე სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა, რაც ამ სფეროების და ბაზრების თავისუფალი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენის მხრივ, ვფიქრობთ, რომ შემუშავებული წესების ეფექტიანად აღსრულებით მნიშვნელოვნად გაიზრდება ეროვნული ბანკის მიერ კონკურენციასთან დაკავშირებული საქმიანობის და გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და პარლამენტის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.