მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევას დაიწყებს - ლექვინაძე

641c66b440092
ალა ისპირიანი
23.03.23 18:50
680
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევას დაიწყებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ლექვინაძემ თქვა, სააგენტო ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციაშია და მოკვლევა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

"კონკურენციის ეროვნული სააგენტო იმ კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ერთი მხრივ ეხებოდა გარკვეული პერიოდის წინ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასების ზრდას - რამდენიმე მსხვილმა ფარმაცევტულმა ქსელმა მედიკამენტებზე ფასები ერთ დღეს და ერთდროულად გაზარდა, მეორე მხრივ კი იმ ფაქტს, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა - აქაც ქმედება რამდენიმე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მიერაა განხორციელებული - ეს ორი თემა კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის საკმარისი საფუძველია, რომ მოკვლევის ეტაპზე გადავიდეთ.

ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან დამატებით ინფორმაციას ვცვლით და მოკვლევის დაწყების შესახებ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ. მოკვლევა სავარაუდოდ ორი მიმართულებით დაიწყება, პირველია - მსხვილი ფარმაცევტული ქსელების მიერ შესაძლო არაკეთილსინდისიერად შეთანხმებული ქმედება და მეორე შეიძლება იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენება. კონკურენციის სააგენტო გარკვეული პროცედურების შემდეგ მოკვლევის დაწყებას განახორციელებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება. 

სამინისტროს ცნობით, ამჯერად საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.