მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს არაეფექტიანი რეგულირებისთვის აკრიტიკებს

61dc521e4422d
შოთა ტყეშელაშვილი
10.01.22 20:15
656
2018 წლის ივლისში მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა დაევალა. მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა კონკურენციის სააგენტომ ამ მოკვლევის ფარგლებში შუალედური ანგარიში მხოლოდ გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, სრული დოკუმენტი კი სააგენტოს ვებგვერდზე მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა.

ამ ანგარიშის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს 13 რეკომენდაციას აძლევს, მათ შორისაა აუცილებელი წესით გენერიკული მედიკამენტების სამედიცინო რეცეპტში მითითების წესების განსაზღვრა, ასევე GMP სტანდარტების და ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვა.

ანგარიშში საუბარია ინტერესთა შეუთავსებლობის და ინტერესთა კონფლიქტების შესახებ. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი ექიმთა კომერციული მოსყიდვის და ინტერესთა კონფლიქტების აღმოფხვრისთვის რიგ მოთხოვნებს აწესებს, თუმცა ამ მოთხოვნების აღსრულებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი მექანიზმები არ აქვს შემუშავებული, რისთვისაც სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს კრიტიკა დაიმსახურა.

კონკურენციის სააგენტო წერს:

“დარგის მარეგულირებლის მიერ ვერ ხდება სისტემის ეფექტიანი კონტროლი, არ არსებობს შესაბამისი მექანიზმები. 2016-2020 წლებში, დარგის მარეგულირებლის მიერ არ გამოვლენილა სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტულ კომპანიებს/დაწესებულებებს შორის ინტერესთა კონფლიქტის არც ერთი შემთხვევა, რაც ბუნებრივია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დარგის მარეგულირებელს კანონმდებლობის დონეზე არ გააჩნია სისტემის ეფექტიანი, მათ შორის მსგავსი შემთხვევების გამოვლენის მექანიზმები. ევროპის ყველა ქვეყანაში დანერგილია რეცეპტის/დანიშნულების გამომწერი პირის და ფარმაცევტის საქმიანობის ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები - ელექტრონული რეცეპტის, მკურნალობის გაიდლაინების, მკურნალობის ბიუჯეტის ზედა ზღვრის სახით და შესაბამისად, ხორციელდება დარგის უწყვეტი მონიტორინგი.

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებული არიან დაიცვან ინტერესთა შეუთავსებლობის შემდეგი ნორმები:

ა) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან ურთიერთობისას არ იმოქმედონ ანგარებით, მათ შორის, მესამე პირის სასარგებლოდ;

ბ) არ შევიდნენ გარიგებაში რომელიმე სამედიცინო დაწესებულებასთან ან/და ფარმაცევტულ კომპანიასთან იმ მიზნით, რომ პირადი კომერციული დაინტერესების სანაცვლოდ გამოიყენებენ პაციენტებს და ამით რაიმე მატერიალურ სარგებელს ნახავენ.

აკრძალულია პირმა, თავისი თანამდებობრივი ან სხვაგვარი უპირატესობიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია კონკრეტული ფულადი ჯარიმა კანონის დარღვევის შემთხვევაში. მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნა/მიწოდება მეტწილად განპირობებულია სწორედ კანონით აკრძალული ინტერესთა კონფლიქტის შემცველი ანგარებიანი ურთიერთობებით. სააგენტოს პოზიციით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სანქცირების მექანიზმი არასათანადო და არასაკმარისია იმ შესაძლო ზიანთან შედარებით, რაც ინტერესთა შეუთავსებლობისა და ანგარებიანი ურთიერთობის შედეგად შესაძლოა მიადგეს პაციენტს,” - ნათქვამია დოკუმენტში.