მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო ორი სამედიცინო დაწესებულების შერწყმის საკითხს შეისწავლის

6231baa85792b
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.22 11:54
1434
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ “ჯეო ჰოსპიტალსი” მრავალპროფილურ კლინიკა “ამტელჰოსპიტალს” ყიდულობს. მულტი-პროფილური საავადმყოფო 210 საწოლს აერთიანებს.

“ორი სამედიცინო კომპანიის შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საქმე ეხება შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ შპს „ამტელ ჰოსპიტალს პირველი კლინიკურის“ 100%-იანი წილის შეძენას, რის შემდეგაც აღნიშნული კომპანიების გაერთიანება იგეგმება.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია,” - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

“ჯეო ჰოსპიტალსის” ჯგუფი ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო ჰოლდინგია, რომლის კლინიკებშიც, ჯამურად, 600-ზე მეტი საწოლია. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, მათი კლინიკებმა 2020 წელს 78,000 სტაციონარული და 551,000 ამბულატორიული სერვისი გასწიეს.

ჯგუფის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მათი შემოსავალი 53.4 მილიონი ლარი, ზარალი კი 13 მილიონი ლარი იყო. ჯგუფს ნინა კობახიძე ხელმძღვანელობს. “ჯეო ჰოსპიტალის” მშობელ კომპანიაში ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი 50%-იან წილს, ზაზა ნიშნიანიძე და კახაბერ ლომსაძე კი 25-25%-ს ფლობენ.

რაც შეეხება “ამტელ ჰოსპიტალს”, კლინიკის შემოსავალი 2020 წელს 10.8 მილიონი ლარი, მოგება კი 241 ათასი ლარი იყო.