მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა და ჩატარებული მოკვლევები

5eab1d50087eb
თამთა ჯიჯავაძე
30.04.20 23:30
1220
კონკურენციის სააგენტომ 2014-2019 წლებში საქონლისა და მომსახურების ბაზრების 25 მოკვლევა დაასრულა. აქედან 14 მოკვლევაში დაფიქსირდა დარღვევა, მათგან 9 მოდიოდა სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვაზე, რაც ძირითადად ე.წ. „მორგებულ“ სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლინდა. ოთხ შემთხვევაში იყო არაკეთილსინდისიერი კონკურენცია კონკურენტის მხრიდან და ერთ შემთხვევაში გაფორმებული იყო კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება.

ამის შესახებ მიმოხილვას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს:

სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევების საფუძველი ძირითადად შემოსული საჩივარი იყო, რომლითაც სხვადასხვა კომპანიები მიმართავენ სააგენტოს. საკუთარი ინიციატივით სააგენტომ ხუთ მოკვლევა ჩაატარა.

კონკურენციის სააგენტომ საზოგადოების ყურადღება ძირითადად სამი ბაზრის მონიტორინგის მოკვლევის გარშემო მიიქცია. ერთ-ერთი არის 2018 წელს პურის გაძვირების მიზეზების დადგენა, რომელიც პრემიერ მინისტრმა დაავალა სააგენტოს. მონიტორინგის დაწყებიდან ერთი წელზე მეტი გავიდა და ჯერ სააგენტოს არ დაუდგენია, რამ გამოიწვია ფასის ზრდა და პურის მიმწოდებელი საწარმოებისგან ჰქონდა თუ არა ადგილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

მეორე გახმაურებული საქმე საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა იყო. 2014 წელს კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაიწყო, რომლის მიზანიც ფირმებს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შესაძლო შეთანხმების დადგენა იყო. 2015 წლის ივლისში სააგენტომ ბაზრის შესწავლა დაასრულა და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის რვა კომპანია ჯამში 55 მლნ-მდე ლარის ოდენობით დააჯარიმა. კომპანიებმა დაწესებული ჯარიმები სასამართლოში გაასაჩივრეს და სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ჯარიმები გააბათილა. საქმე ხელახალი გამოკვლევისთვის კონკურენციის სააგენტოს დაუბრუნდა. 2018 წელს კონკურენციის სააგენტომ ხელახალი მოკვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც, კომპანიებს ნაკლები დარღვევა გამოუვლინდათ და დაკისრებული ჯარიმა 55 მლნ-დან 3 მლნ ლარამდე შემცირდა.

მესამე საქმეში კონკურენციის სააგენტოს მხრიდან უცნაურ ქმედებას ჰქონდა ადგილი. 2016 წელს სააგენტომ დაასრულა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის ბაზრის მონიტორინგი და გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ თამბაქოს ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს არსებობა არ დადასტურდა. ამავე პერიოდში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ამ ბაზრის ორ მოთამაშეს შორის. სს „თბილისის თამბაქო” კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის უჩიოდა შპს „ფილიპ მორის საქართველოს”. მოსამართლემ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა საქმეს დაუსაბუთებელი მიზეზით არ დაურთო. სს „თბილისის თამბაქომ” დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიგო. მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიმართ გამოითქმოდა ეჭვები შესაძლო კორუფციის არსებობის შესახებ. საინტერესოა, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა თავდაპირველად სააგენტოს ვებგვერდზე აიტვირთა, თუმცა მოგვიანებით გაუგებარი მიზეზით წაიშალა და დღემდე არ იძებნება.

კვლევა სრულად იხილეთ აქ