მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ბანკებს ინოვაციების ფერხულში ჩართვა მოუწევთ” - ასოციაცია

6231ae6d7747b
სალომე ჭიპაშვილი
16.03.22 23:16
1568
2020-21 წლებში გლობალური ფინანსური გარემოს ცვლილებამ ციფრული ტრანსფორმაციისადმი ერთგულების მნიშვნელობა გაზარდა. როგორც „საქმიან დილაში“ საუბრისას „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, ბანკის კლიენტებს მსოფლიოს მასშტაბით უჩნდებათ მეტი არჩევანი, ვიდრე ოდესმე ჰქონდათ, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დარგი ახალი საბანკო ვარიანტებით შეივსო.

„ჩელენჯერ ბანკებმა და ნეობანკებმა, როგორიცაა Chime და Discover Bank, მოიპოვეს ყურადღება მათ მიერ შეთავაზებული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ონლაინ სერვისების წყალობით. ბაზარმა ასევე ნახა საბანკო მომსახურების ახალი ვარიანტები, სხვა ინდუსტრიებში მოქმედი ცნობილი მოთამაშეებისგან. ჩაშენებული საფინანსო და საბანკო მომსახურების, როგორც სერვისის ერთ-ერთი სახეობის, გაფართოებასთან ერთად, მსოფლიოს ტექნიკური გიგანტები და საცალო ქსელები უერთდებიან ამ ბაზარს და საბანკო გარემოს ხელახალ გააზრებას იწვევენ.“- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე თქმით, მაგალითისთვის 2021 წელს Amazon-მა თანამშრომლობა კომპანია Affirm-თან დაიწყო, სლოგანით Buy now, pay later at Amazon.com. ასევე, ფარმაცევტულმა კომპანია Walgreens-მა გამოუშვა საკუთარი საკრედიტო ბარათები კომპანიის მომხმარებლებისთვის.

„განვითარებადი ბაზარი სავსეა ახალი იდეებით და თუ ტრადიციულ საბანკო დაწესებულებებს სურთ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, მაშინ მოუწევთ ინოვაციების ფერხულში ჩართვა.“ - აღნიშნა „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, "ჩელენჯერ ბანკები" წარმოადგენენ შედარებით მცირე, ახლად შექმნილ საცალო ბანკებს, რომლებიც პირდაპირ კონკურენციას უწევენ დარგში დამკვიდრებულ ტრადიციულ საბანკო ინსტიტუტებს და მეტწილად სპეციალიზირებენ იმ სფეროებში, რომლებსაც ბაზრის ლიდერი საბანკო დაწესებულებები არ ემსახურებიან. ახალშექმნილი ბანკების მსგავსად, ზოგიერთი "ჩელენჯერ ბანკი" უფრო დიდი საბანკო ჯგუფებისგან ან წარუმატებელი მსხვილი ბანკისგან (მაგ. Virgin Money) გამოცალკევების ბაზაზე შეიქმნა.