მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსორციუმი ამერიკულ ფონდზე: თუ ეს იმედიც ამოიწურება, ვიქნები პირველი, ვინც ყველაფერს მოვყვები

5db95b92314b2
ლიკა გურაბანიძე
30.10.19 13:54
4085

„გვყავს კიდევ ერთი ინვესტორი დარჩენილი, რომელსაც ამ პროექტიდან ინტერესი ჯერ არ გაუტანია. ეს არის ამერიკული ფონდი, თუ ეს ბოლო იმედიც ამოიწურება, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და ყველაფერს მოვყები რა და როგორ,“ - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა პარლამენტში საჯარო ფორმატში  „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატის კითხვა ლევან ახვლედიანს: პირდაპირი მოქმედებებია, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია არ სურს და თქვენი ოპტიმიზმი რას ეფუძნება?

ლევან ახვლედიანის პასუხი: „რა მაძლევს იმედს? გვყავს კიდევ ერთი ინვესტორი დარჩენილი, რომელსაც ამ პროექტიდან ინტერესი ჯერ არ გაუტანია. ეს არის უმსხვილესი ამერიკული ფონდი, რომელთანაც ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა, მთავრობასაც ჰქონდა შეხვედრა და მე იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს დროში ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ჩვენ მათთან, პრაქტიკულად, კომერციული მოლაპარაკებები შეთანხმებული გვაქვს. ახლა ფორმალობა უნდა დასრულდეს და შემდეგ მოხდეს მათი ოფიციალურად წარდგენა ამ პროექტის ინვესტორებად. 


ეს არის ერთადერთი, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ არავისგან დესტრუქციულობა არ დავიბრალოთ და ამ პროექტის წარმატებით განხორციელების იმედი დავიტოვოთ. თუ ეს ბოლო იმედიც ამოიწურება, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და ყველაფერს მოვყები, რა და როგორ იყო, მაგრამ პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, აუცილებელია, ყველამ კონსტრუქციულობა და იმედი შევინარჩუნოთ. ვიმუშაოთ ინვესტორის შემოყვანაზე, ბანკების და ოპერატორის პირობების დაკმაყოფილებაზე. დაველოდოთ დრო კიდევ 2 თვეა და ყველაფერი ცხადად გამოჩნდება", განაცხადა ახვლედიანმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურ დირექტორს ამერიკული ფონდის ვინაობა არ დაუსახელებია, მაგრამ სავარაუდოდ, ლევან ახვლედიანი ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგ “Cerberus Capital Management”-ს გულისხმობდა.

ცნობისთვის: Cerberus-ის დამფუძნებელი დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველია.