მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსორციუმი: მიწა ისედაც საქართველოს ქონება იყო, სახელმწიფოსთვის გადასაცემი არაფერი გვაქვს

5e27028e87146
ინგა მურუსიძე
21.01.20 17:56
1512
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ამბობენ, რომ სახელმწიფოსთვის გადასაცემი არაფერი აქვთ, ვინაიდან მიწები ისედაც სულ სახელმწიფოს ეკუთვნოდა.

ამასთან, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორი ლევან ახვლედიანი „საქმის კურსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კონსორციუმს მიწები ისედაც აღნაგობის ხელშეკრულებით ჰქონდა გადაცემული.

„მე მინდა განვმარტო, რომ მიწა ყოველთვის იყო სახელმწიფოსი, ჩვენ ის გადმოგვეცა მხოლოდ აღნაგობით. „აღნაგობის ხელშეკრულება“ იყო მიბმული საინვესტიციო ხელშეკრულებაზე და რადგან საინვესტიციო ხელშეკრულება გააუქმა მთავრობამ, „აღნაგობის ხელშეკრულებაც“ მიჰყვება. ამიტომ არაფერი გადასაცემი არ გვაქვს, ის ისედაც საქართველოს ქონება იყო. აღნაგობის ხელშეკრულებები გაუქმდება და ეს მთავრობის დისკრეციაა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა. 9 იანვარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირგასამტეხლოსთან ერთად, სამინისტრო კონსორციუმისგან იმ მიწების დაბრუნებასაც მოითხოვს, რომელიც მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროცესში გამოისყიდა. სამინისტროს ცნობით, მიწების ჯამური ღირებულება 60 მლნ ლარამდეა.

პირგასამტეხლოსა და მიწების დაბრუნების მოთხოვნით სახელმწიფო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", თავის მხრივ, ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში იდავებს. როდის წარადგენს სარჩელს მთავრობა, ჯერჯერობით, უცნობია.