მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტეინერების კრიზისი: გადაზიდვის ფასები გლობალურად გასამმაგებულია

617c12c5427d7
შოთა ტყეშელაშვილი
29.10.21 21:00
1470
თუკი უკანასკნელ პერიოდში შეხება გქონიათ გადაზიდვების სერვისთან, აღმოაჩენდით, რომ საერთაშორისო ტრანზიტის ფასები მკვეთრად არის გაზრდილი - ამის მიზეზი კი გლობალურად არსებული ლოგისტიკური კრიზისია, რომლის შედეგადაც აზიიდან ევროპასა და აშშ-ში სატრანსპორტო გადაზიდვების ფასი გასამმაგებულია.

გადაზიდვების საერთაშორისო ფასებს მუდმივ რეჟიმში აკვირდება ბრიტანული საკონსულტაციო ფირმა Drewry-ი, რომლის მიხედვითაც, სტანდარტული კონტეინერის ინდექსი ამჟამად 9,669 დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 276%-ით მეტია.

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების მიხედვით, კონტეინერების ტრანსპორტირების ფასები ასე ნაწილდება:

● შანგჰაი - როტერდამი - $10,062 დოლარი, მატება წინა წელთან 543%;
● როტერდამი - შანგჰაი - $1,591 დოლარი, მატება წინა წელთან 45%;
● შანგჰაი - გენოა - $13,123 დოლარი, მატება წინა წელთან 389%;
● შანგჰაი - ლოს ანჯელესი - $10,976 დოლარი, მატება წინა წელთან 172%;
● ლოს ანჯელესი - შანგჰაი - $1,302 დოლარი, მატება წინა წელთან 151%;
● შანგჰაი - ნიუ-იორკი - $13,554 დოლარი, მატება წინა წელთან 178%;
● ნიუ-იორკი როტერდამი - $1,189 დოლარი, მატება წინა წელთან 115%;
● როტერდამი - ნიუ-იორკი - $6,161 დოლარი, მატება წინა წელთან 206%;

ტრანსპორტირების ინდექსში ქართულ პორტებამდე კონტეინერების გადაზიდვების საშუალო ფასები არაა წარმოდგენილი, თუმცა როგორც ცნობილია, ფასების მკვეთრი ზრდა ქართულ პორტებამდე კონტეინერების გადაზიდვებსაც შეეხო.

Maersk-ის დირექტორის სორენ სკოუს განმარტებით, კრიზისულ ვითარებას მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა იწვევს. “საკონტეინერო გადაზიდვებზე ისტორიულად მაღალი ფასების მიზეზია მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა, რომელსაც ამჟამად არსებული გადაზიდვების მასშტაბი ვერ პასუხობს".

არსებულ ვითარებაში მოგებულები არიან საკონტეინერო ხაზები. კერძოდ, Maersk-ის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით გაათმაგდა და $6,44 მილიარდი დოლარი შეადგინა. გაათმაგებულია კომპანია Hapag-Lloyd-ის წმინდა მოგებაც, რამაც წლის პირველ ნახევარში $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფრანგული CMA CGM-ის წმინდა მოგება კი წინა წელთან შედარებით გაასმაგდა და წლის პირველ ნახევარში $5.5 მილიარდი შეადგინა.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს პორტებმა 271,000 კონტეინერი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. გაძვირებული ლოგისტიკა ქვეყანაში საქონელზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია.