მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტეინერზე $250 - რამდენად შეიძლება გააიაფოს ანაკლიამ საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვები

5db946a6166da
შოთა ტყეშელაშვილი
30.10.19 12:13
6619
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა პორტისა და ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომერციული შესაძლებლობების შესახებ პარლამენტში პრეზენტაცია გამართა.

ლევან ახვლედიანის თქმით, პორტის კომერციულ საფუძველს წარმოადგენს ფაქტი, რომ მომავალში საკონტეინერო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი. ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავების შედეგად, საქართველოს გაცილებით უფრო დიდი ზომის ხომალდების მიღება შეეძლება, თანამედროვე მოთხოვნებზე გათვლილ პორტს კი, საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულების მნიშვნელოვნად გაიაფება შეეძლება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გათვლებით, პორტს კონტეინერებზე გადაზიდვის ღირებულების საშუალოდ $250 დოლარამდე შემცირება შეუძლია, ეს კი ეკონომიკას წლიურად $140 მილიონ დოლარს დაუზოგავს. "ეს არის პროექტის კომერციული ხერხემალი", - ამბობს ახვლედიანი. 

ანაკლიის კომერცული დასაბუთება - ლევან ახვლედიანის პრეზენტაცია:

"340 ჰექტარი პორტისთვის, რომელიც თავის თავში ისახავს 9 ფაზას, რომლის ასაშენებლადაც იქნება დახარჯული $2.1 მილიარდი დოლარი. შეიქმნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება საქართველოში ანაკლიის გარდა არის შეუძლებელი. ყველა ჩვენ მეზობელს აქვს გაცილებით წინ წასული საზღვაო ინფრასტრუქტურა. ვართ 119-ე ადგილზე ლოგისტიკის ინდექსის თვალსაზრისით. ჩვენ ვერ ვიღებთ შავ ზღვაში მოცურავე გემების 75%-ს, იმიტომ რომ არ გაგვაჩნია ადეკვატური ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და კონტეინერებისთვის არაეფექტური პორტები. დღეს მთავარი პორტი, ფოთის პორტი წლის განმავლობაში 100 დღე არის დაკეტილი. ამის მიუხედავად, არის ტვირთების უპრეცედენტო ზრდა. 2019 წლის 9 თვეში კონტეინერების ნაკადის ზრდა იყო 40%. ეს არის გამოწვეული ჩვენი და რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის გამო. ასევე ეფექტი აქვს ირანის სანქციებს, რომელიც ძალაში შევიდა წინა წლის ნოემბერში. მე სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი არსებული პორტები ამ მოთხოვნას ვეღარ დააკმაყოფილებენ. მე მინდა კიდევ ვთქვა, რომ ჩვენ საერთაშორისო საფინანსომ ინსტიტუტებთან ერთად დავიქირავეთ ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტები, რომლებმაც გააკეთეს ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით პროგნოზები. ეს პროგნოზები არის უაღრესად დადებითი. ხედავთ, რომ (იხილეთ გრაფიკი) წითელი ხაზი, არის მომავალში ტვირტბრუნვის პროგნოზი, ხოლო შავი ხაზი არის “დასტრესილი” ანუ მინიმალური მაჩვენებელი, რაც ასევე მზარდია. ორივეს შემთხვევაში ხედავთ რომ ანაკლიას აქვს საკმარისი მოცულობის საპროგნოზო გადაზიდვები, იმისთვის რათა ავაშენოთ ღრმაწყლოვანი პორტი.


(ფოტო პარლამენტის სხდომიდან)

ანაკლია შეძლებს, რომ ხომალდებს წელიწადში 365 დღის მანძილზე მოემსახუროს და მიიღოს ყველაზე დიდი გემები რაც კი დაცურავს შავი ზღვის აკვატორიაში. ანაკლია წარმოადგენს იმ მასშტაბს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულ კონტეინერზე $250 დოლარამდე დანაზოგს. ეს დანაზოგი დღევანდელ მოცულობებში გადაითარგმნება დაახლოებით, $140 მილიონი დოლარის დანაზოგად, ყოველწლიურად ინდუსტრიისთვის. ეს ორი ციფრი მინდა დაიმახსოვროთ, იმიტომ, რომ ეს არის ზუსტად ის ფაქტორები, რომლებიც ქმნის ამ პროექტის ეკონომიკურ და კომერციულ ხერხემალს."