მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტრციკლური ბუფერის გაზრდით, ბანკებს 500 მილიონის დარეზერვება მოუწევთ - ლეჟავა

6413339031fd9
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.23 00:20
972
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გადაცემა საქმის კურსის ეთერში ბანკებისთვის კონტრციკლური ბუფერის გაზრდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციით იყო განპირობებული. კითხვაზე თუ რამდენი მილიონი ლარის დარეზერვება მოუწევთ ბანკებს, პაპუნა ლეჟავა პასუხობს, რომ ეს თანხა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ტოლი იქნება.

ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ ბუფერის მოთხვნის ზრდის გამო, ბანკებს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა არ დასჭირდებათ, რადგანაც მათ რეზერვების შესავსებად საკმარისი რესურსები გააჩნიათ.

“პროცენტულად ეს ყველასთვის ერთი პროცენტია, თუმცა თანხაში ეს არის 500 მილიონი, თუმცა ეს არის კაპიტალი, რომელიც ბანკებს საბრუნავი კაპიტალის სახით დღესაც აქვთ. ჩვენ ვთვლით, რომ ბანკებს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა არ მოუწევთ. შიდა უკვე არსებული ბუფერებით და დაგენერირებული მოგებით ბანკები შეძლებენ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ბუნებრივია რომ კაპიტალის ბუფერის შევსება უნდა მოხდეს,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ბანკებმა კონტრციკლური ბუფერი 12 თვის ვადაში უნდა შეავსონ.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, კონტრციკლური ბუფერის გაზრდის გამო, ბანკებს დამატებითი კაპიტალის ძიება მოუწევთ. 

“კონტრციკლური ბუფერის კიდევ ერთი პროცენტით გაზრდა, რაც მოზიდული სახსრებისა და საკრედიტო პორტფელის მიმართ არის მოთხოვნილი, კიდევ ერთხელ აწვება კაპიტალს, ანუ კომერციულ ბანკებს დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ვალდებულებას უქმნის. ამ თემაზე გარკვეული მსჯელობა გვქონდა ეროვნულ ბანკთან და იმედი გვქონდა, რომ დღეს, კონტრციკლური ბუფერი არ ამოქმედდებოდა”, - აღნიშნავს ალექსანდრე ძნელაძე.

2023 წლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სისტემის აქტივების მოცულობა 67 მილიარდ ლარს შეადგენს.