მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოოპერატივების 70%-ს სასოფლო-სამეურნეო სტატუსი შეუწყდა - სტატისტიკა

63886ab2d5730
თამთა ჯიჯავაძე
02.12.22 12:44
813
სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2013 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი კოოპერატივთა 70%-ს. უფრო დეტალურად, კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა 2274-, ხოლო მათგან 1605-ს სტატუსი შეუწყდა. შედეგად, ამჟამად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსით მხოლოდ 669 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. 

სტატისტიკა წერია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონის პროექტში.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები არამდგრადია და აჩვენებს, რომ კოოპერატივთა უმეტესი ნაწილი რეალურად არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რისთვისაც მათთვის სპეციალური საკანონმდებლო მოწესრიგება შეიქმნა. ამიტომაც დაიგეგმა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კანონის მიზანი ჩამოყალიბდება ახლებურად; კანონით აღიარებულ იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სოციალური ფუნქცია სოფლის მეურნეობის განვითარებაში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა სავალდებულო რაოდენობა იქნება 5, როგორც ეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონითაა დადგენილი. ასევე, კანონში გაჩნდება ტერმინი „ინვესტორი წევრი“, შედეგად დგინდება, რომ წესდებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს კოოპერატივში ინვესტორი წევრის მიღება.

ასევე, ტერმინი „პაი“-ს შინაარსი რჩება უცვლელი, თუმცა აღარ იქნება მითითებული პაის სავალდებულო მინიმალური ოდენობა - 300 ლარი. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მეპაიეებმა თავად განსაზღვრონ პაის ღირებულება კოოპერატივში მათი ეკონომიკური მონაწილეობიდან გამომდინარე, რაც მეტად განამტკიცებს მათ დამოუკიდებლობას.

„კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებსა და დამატებებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა, პაის ოდენობა, მეპაიეთა რაოდენობა, მოგების განაწილება, ინვესტორი წევრი და სხვა. საკუთარი წესდებების ამ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ან ამ სტატუსის მიღების მსურველ კოოპერატივებს, მოუწევთ 2024 წლის 1-ელ იანვრამდე. ამდენად, კანონპროექტის ამოქმედებისთანავე და მისი მოქმედების პირველი 3 წლის განმავლობაში (უფრო მაღალი მიმართვიანობა მოსალოდნელია 2024 წლის 1-ელ იანვრამდე) წესდებაში ცვლილების შეტანა თუ სხვა ნებისმიერი ქმედება, რაც რეგისტრაციას საჭიროებს, მოხდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირთა რეესტრში, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს.

ამდენად, კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა სააგენტოს შემოსავლებზე. გავლენის ფარგლები კი, დამოკიდებულია განცხადების შემტან კოოპერატივთა ოდენობაზე, ასევე, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქმედებათა რიცხვზე. სავარაუდო შემოსავლების ოდენობა კი, რასაც დასახელებული სააგენტო მიიღებს, ასევე დამოკიდებულია განცხადებათა შინაარსსა და რაოდენობაზე“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

თუმცა, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება ამოქმედებისთანავე და ამოქმედების შემდეგ 3 წელი გამოიწვევს კონკრეტულ ფინანსური შედეგებს იმ პირებისათვის, ვისზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ: ცვლილების შედეგად, „საპაიო შენატანი“ მხოლოდ მეპაიის მიერ ფულით განხორციელებული სავალდებულო შენატანი იქნება, ნაცვლად „ფულის ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებისა“. ამდენად, კანონპროექტმა შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს მათთვის, ვინც საკუთარი ქონებით აპირებდა საპაიო შენატანის განხორციელებას. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის განხორციელება იქნება შესაძლებელი.

ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა მინამალური რაოდენობის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობასთან გათანაბრება ზეგავლენას მოახდენს იმ დასახლებაში მოქმედ კოოპერატივებზე, რომელზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, რადგან მათზე გამონაკლისი (მოქმედი რედაქციით, მინიმუმ 3 წევრი) აღარ გავრცელდება. ამდენად, ყველა სამწევრიან კოოპერატივს მოუწევს დამატებით მინიმუმ ორი წევრის მოძიება, რაც შესაბამის ფინანსურ გავლენას იქონიებს როგორც ამ წევრებზე, ისე კოოპერატივზე.

საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი, სამველ მანუკიანმა იმუშავეს. ავტორების მოსაზრებით, ცვლილებების მიზანია მაქსიმალურად გაძლიერდნენ სათანადო პოტენციალის მქონე სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივები, გამარტივდეს ბიუროკრატიული პროცედურები, მეტად წახალისდეს კოოპერაცია.