მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოოპერატივების შესახებ კანონში ცვლილებები შევა

60196187899d9
ინგა მურუსიძე
02.02.21 19:55
737
2020 წლის პირველ იანვრამდე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საკუთარი წესდებების, კოოპერატივის წევრთა რაოდენობის და პაის ოდენობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისთვის კანონით განსაზღვრული ვადის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება მოხდება, - შესაბამისი ინიციატივა აგრარულ საკითხთა კომიტეტზე დღეს განიხილეს.

დღევანდელ კომიტეტზე კანონპროექტის ზოგადი პრინციპები სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარადგინა.

როგორც წილოსანმა დღეს გამართულ სხდომაზე აღნიშნა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების უმრავლესობამ COVID-19 პანდემიისა და საყოველთაო შეზღუდვების ფონზე, ვერ შეძლო კოოპერატივების საქმიანობისა და წესდებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და კოოპერატივების გაერთიანების თხოვნის საფუძველზე, კანონით აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრული 2021 წლის 1 იანვარი, იცვლება 2022 წლის 1 იანვრით.

„წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს, კოოპერატივებს განესაზღვროთ დამატებითი ვადა 2022 წლის პირველ იანვრამდე იმისთვის, რომ მათ წესდებისა და მათი საქმიანობის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეძლონ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომიტეტის წევრის ხატია წილოსანის განმარტებით, წარმოდგენილ კანონპროექტს უკუძალა ექნება, რაც მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია, რადგან იმ ადამიანებს, ვინც ვერ მოასწრო დარეგისტრირება ამ პერიოდისთვის, სანამ ცვლილება ოფიციალურად შევა ძალაში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ იმ უპირატესობით ისარგებლონ, რაც 2022 წლისთვის რეგისტაციის დაშვებას შეეხება“.

დღესვე კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის საკითხზე მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ.

ეს საკითხიც ნინო წილოსანმა გამოიტანა და განაცხადა, რომ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, მიიჩნიეს, რომ ამ ეტაპზე სწორედ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის საკითხზე შეექმნათ მოკვლევის ჯგუფი.

ჯგუფს კომიტეტის წევრი შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს, წევრები იქნებიან ნინო წილოსანი და ზაალ დუგლაძე.
კანონპროექტის ინიციატორები არიან - ნინო წილოსანი, ხატია წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია და შალვა კერესელიძე.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.