მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოპიტნარიდან ქუთაისის აეროპორტამდე მგზავრებს უფასო შატლები მოემსახურება

5e3bdb7cd82dc
BM.GE
06.02.20 13:21
1322
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და კოპიტნარის სარკინიგზო სადგურს შორის მგზავრებისთვის უფასო შატლები იმოძრავებს - ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით დამტკიცებულ პროექტზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა. მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის, მიმზიდველობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისის აეროპორტსა და საქართველოს რკინიგზის კოპიტნარის სადგურს შორის საგზაო დეპარტამენტი 1,5 კმ-ის სიგრძის გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას განახორციელებს, „საქართველოს რკინიგზა“ კოპიტნარის სადგურს აღადგენს, ხოლო ქუთაისის აეროპორტებსა და კოპიტნარის სადგურს შორის მგზავრებისთვის უფასო შატლების მომსახურებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ უზრუნველყოფს.

მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს უფასოდ გადაიყვანს კომფორტული შატლები კოპიტნარის სადგურზე, სადაც ისინი შეძლებენ განაგრძონ მგზავრობა დანიშნულების ადგილზე. „პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ის ჩვენს ტურისტულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას შეემატება და მეტ მნიშვნელობას შესძენს ქუთაისის აეროპორტს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბაზირების ადგილად ყალიბდება“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.