29.იანვარი .2020 21:19

კორონავირუსი Apple-ის წარმოების ციკლს აფერხებს

views 560
უკან

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი Apple-ის წარმოების ციკლს აფერხებს. როგორც კომპანია აცხადებს, თითქმის ყველა iPhone-ი ჩინეთში ჩენჯოუსა და შანხაის მიმდებარე ტერიტორიებზე იწარმოება. ორივე წარმოება ქალაქ უხანიდან 500 კილომეტრში მდებარეობს, სწორედ აქ დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჩინეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული კარანტინის გაფართოებამ და ადგილობრივ ახალ წელთან დაკავშირებული უქმე დღეების გაგრძელებამ შესაძლოა ბიუჯეტური iPhone-ის წარმოების დაწყება რისკის ქვეშ დააყენოს და გადავადდეს. კომპანია იაფი iPhone-ის წარმოების დაწყებას თებერვალში გეგმავდა.

Apple-ის ჩინეთის საწარმოში სულ 10 000 თანამშრომელია. თუმცა Ipad-ის, Iphone-ის და Apple Watch-ის წარმოებაში რამდენიმე მილიონი ადამიანია ჩართული. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, Apple-ი მსგავსი ექსტრემალური სიტუაციებისთვის მზადაა. თუმცა, კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.