მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსი და საფონდო ბირჟები - Galt&Taggart-ის მმართველი პარტნიორის პროგნოზი

5e8a10f04feef
ანნა ლაპიაშვილი
06.04.20 09:40
1245
საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის მმართველი პარტნიორის შეფასებით, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს საქართველოც და მსოფლიოც მეტად მომზადებული შეხვდა, ვიდრე - წლების წინ.

ოთარ შარიქაძე BMG-ისთან საუბარში ფინანსური სექტორის მდგრადობის შეფასებისას იმ რისკებზეც საუბრობს, რაც შესაძლოა, პანდემიის დიდი ხნით გაგრძელებამ გლობალურ საფონდო ბირჟებზე შეიქმნას.

„გლობალურად საფონდო ბირჟებზე ცუდი მდგომარეობაა. მას შემდეგ, რაც ტრამპის გაპრეზიდენტებიდან ბაზრებმა ზრდა აჩვენა, დღეს ეს ზრდა სრულად წაშლილია. ამავე დროს, ჩანს, რომ ევროპის ფინანსური ინსტიტუტებიც და ამერიკის შეერთებული შტატების სარეზერვო ფონდიც მზად არიან, ულიმიტო თანხები გამოიტანონ, რათა საჭირო სახსრების მიწოდება არ შეწყდეს და დეფოლტები არ იყოს; თუ 2009 წლის მდგომარეობას შევადარებთ სიტუაციას, მაშინ ბანკების დეფოლტის რისკი ძალიან დიდი იყო და ბევრი ბანკი ამ რეალობის წინაშე დადგა კიდეც. დღეისთვის არა მარტო საქართველოში, გლობალურადაც გაცილებით უფრო მზად შეხვდნენ ამას“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ და დასძინა, რომ დღეს პრობლემატური ვითარება უფრო მეტად გლობალური კომპანიებისთვის არის, ვიდრე - საფინანსო ინსტიტუტებისათვის.

G&T მმართველი პარტნიორის შეფასებით, ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად იქნებიან კორპორაციები მზად, რომ აღებულ ვალდებულებებს გაუმკლავდნენ.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი კომპანიები არსებულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად ვალდებულებებს იღებენ. მდგომარეობა საკმაოდ ვოლატილურია. ერთი მხრივ, კრიზისი აზარალებს ნაწილს, მეორეს მხრივ, არის პოტენციალი ინვესტიციისთვის. ძალიან ბევრი კომპანია გაიაფდა და ვხედავთ, რომ არის გარკვეული მესიჯები, რომ როგორც კი კორონავირუსის საფრთხე გადაივლის, შეიძლება ძალიან სწრაფი მოტრიალებაც მოხდეს. მთავარია, ზღვარს არ გასცდეს. ეს რაღაც ზღვარი ალბათ არის 2-3 თვე, რის შემდეგაც გლობალურად შეიძლება მძიმე რეცესიაში გადავიდეთ. გლობალურად ვხედავთ, რომ ჩინეთში ამუშავდა ქარხნები, მაგრამ მნიშვნელოვანია მეორე ტალღა არ იყოს. ძალიან საინტერესოა, რა მოხდება აზიაში, იმიტომ რომ აზიაში პირველი ტალღა გადავლილია და ის შემთხვევები, რაც მათ აქვთ, უმეტესობა იმპორტირებულია. ფაქტია, ქარხნები მუშავდება და ნელ-ნელა უკვე ჩინეთი თავისი ფუნქციის და როლის შესრულებას დაიწყებს. ახლა მთავარია ევროპა და ამერიკა მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან“, - ამბობს ოთარ შარიქაძე.