მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსი, სტატისტიკა და პოლიტიკური მანიპულაციები

5e773566b4315
ალექსანდრე რაქვიაშვილი
22.03.20 14:00
10749

იტალიაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ყოველდღიურმა სტატისტიკამ არაერთი ადამიანი დააშინა და შეიძლება ითქვას, პანიკის წყაროც კი გახდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენთანაც მსხვერპლთა რაოდენობის მკვეთრად ზრდაა მოსალოდნელი, თუ, რა თქმა უნდა, პასიურები ვიქნებით. მაგრამ მინიმუმ ორი მიზეზი არსებობს, თუ რატომ ამ მონაცემების მიმართ უფრო კრიტიკულები უნდა ვიყოთ და რატომ მათზე დაყრდნობით ვერაფერს ვიტყვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში.

  1. როგორც ვიცით, იტალიაში, ვირუსის გამო გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79 წელია და ასეთ ადამინებს საშუალოდ 1 ან მეტი სხვა დაავადება ქონდა, ხოლო მედიანური ასაკი ყველა პაციენტებს შორის 67 წელია (შედარებისთვის, ჩინეთში - 46). საინტერესოა ასევე, რომ გარდაცვლილთა შორის 48%-ს 3-ზე მეტი დაავადება უფიქსირდება და მხოლოდ 0.8% იყო ჯანმრთელი.

ამავდროულად, გასაგებია, რომ მოხუც ადამიანებს შორის, სიკვდილიანობა ისედაც მაღალია. სტატისტიკურად, იტალიაში 80-84 წლის ადამიანი ერთ კონკრეტულ წელს 20% ალბათობით მოკვდება. იგივე მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წელს მხოლოდ 80-84 ასაკის იტალიელებს შორის 16 000-ზე მეტი გარდაიცვლებოდა კორონავირუსის გარეშეც (ანუ დაახლოებით 4000-ზე მეტი მხოლოდ პირველ კვარტალში). ამიტომ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, თუ რამდენი კორონავირუსიანი პაციენტი გარდაიცვალა, არამედ რამდენი მოკვდა კორონავირუსის გამო. ანუ მნიშვნელოვანია ის სიკვდილების დამატებითი რაოდენობა, რომელიც ზუსტად ამ ვირუსით არის გამოწვეული.

დღეს კი ამის დადგენა ძალიან რთულია, მათ შორის აღრიცხვის სპეციფიკიდან გამომდინარე. იტალიაში, თუ პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ქონდა, ჰოსპიტალში გარდაიცვალა, მას სიკვდილის მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერება, რომც რეალური მიზეზი სხვა დაავადებაყოფილიყო. როგორც იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა განმარტა, პაციენტების ისტორიების გადამოწმების შედეგად კორონავირუსი მხოლოდ 12% შემთხვევაში სიკვდილის უშუალო მიზეზი აღმოჩნდა. ანუ ფაქტობრივად, ჯერჯერობით დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ იტალიაში კონკრეტულად კორონავირუსის გამო რამდენიმე ასეული ადამიანი გარდაიცვალა (ანუ 10-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე გვეუბნება სტატისტიკა). დანარჩენი შემთხვევები კი დამატებით შესასწავლია. ამიტომ როცა გავა დრო და გვექნება კარგი სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის პაციენტების ისტორიები, შესაძლებელი გახდება დავადგინოთ, მართლა როგორი იყო ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა.

  1. გასათვალისწინებელია ქვეყნის სპეციფიკა და მთავრობის რეაქცია ვირუსის გავრცელებაზე.

მაგალითად, იტალიაში ევროპის ქვეყნებს შორის ჰიგიენის ერთერთი ყველაზე დაბალი სტანდარტებია. მკვეთრად უფრო დაბალი, ვიდრე გერმანიაში, სადაც იტალიასთან მსგავსი მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაა. იტალია ასევე 3 ადგილზეა ევროპაში იმ ახალგაზრდების რაოდენობით, რომლებიც მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობს. გასაგებია, რომ ვირუსის გავრცელებას ასეთ ფაქტორებმაც შეუწყვეს ხელი.

თუმცა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დიდი გავლენა იტალიაზე იქონია პანიკამ, მძიმე ინფორმაციულმა ფონმა და იმ საგანგებო ზომებმა, რომლებსაც მთავრობამ მიმართა. როგორც კი ვირუსი საფრთხედ იქნა იდენტიფიცირებული, ჰოსპიტლების უდიდესი რესურსი ამ ვირუსთან ბრძოლისთვის გამოიყო. ამ ყველაფერმა ექიმების დატვირთულობა მკვეთრად გაზარდა, რადგან კორონავირუსიან პაციენტებს სახლში არ ტოვებდნენ, როგორც მაგალითად, ეს ხშირად სეზონური გრიპის შემთხვევაში ხდება. სანაცვლოდ, სხვა დაავადებების მკურნალობა შემცირდა, ხოლო საავადმყოფოები ისეთი პაციენტებით გადაივსო, რომლებიც არც კი უნდა ყოფილიყვნენ სტაციონარში. შედეგად, სიკვდილიანობა, ყველა დაავადებების და მათ შორის ვირუსის გამო, გაიზარდა.

ინფორმაციულ ფონს დამატებით ამძიმებს ტესტების დეფიციტი. ფაქტობრივად, ტესტირება უკეთდება ისეთ პაციენტს, რომელსაც სიმპტომები მკაფიოდ აქვს გამოხატული, არადა ვიცით, რომ ბევრი ამ ვირუსს უსიმპტომოდ ან არამკვეთრად გამოხატული სიმპტომებით დაძლევს. შედეგად, შემოწმებულ პაციენტებს შორის მძიმე პაციენტების წონა სტატისტიკურად უფრო მაღალია, რის გამოც სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იზრდება. ხოლო ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მასობრივი ტესტირებაა დაწყებული, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია და ზოგ შემთხვევაში არც კი აღემატება სეზონური გრიპის ნიშნულს.

ეს ყველაფერი კი მონაცემებით მანიპულაციის შესაძლებლობებს აჩენს და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაც კი გამოიყენება, როგორც ეს დიდ ბრიტანეთში მოხდა, როცა ბორის ჯონსონის საწყისი გადაწყვეტილება შეცვლილ იქნა ფაქტობრივად ყალბი კვლევის გავლენის შედეგად, კვლევის, რომელიც 500 000 დამატებით სიკვდილს პროგნოზირებდა.

ამდენად, დაშინებული ხალხი და ზედმეტად აქტიური პოლიტიკოსები სავარაუდოდ თვითონ ხდებიან სიკვდილიანობის ზრდის წყაროდ. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ვირუსი საერთოდ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ პრობლემა პირველ რიგში ჩვენ რეაქციაშია. მეტიც, სულ მალე იმ დანახარჯების დათვლაც მოგვიწევს, რომლებიც გაკოტრებულ კომპანიებს, დაკარგულ სამსახურებს და ზოგად სტრესს მოჰყვება. არავინ იცის, თუ რამდენი ადამიანი ამ ყველაფერის მსხვერპლი გახდება. ამიტომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი დავფიქრდეთ, თუ რას ვაკეთებთ და რა არის მიღებული გადაწყვეტილების ალტერნატიული დანახარჯი, რომ ვირუსთან ბრძოლაში გადახდილი ფასი უფრო მაღალი არ აღმოჩნდეს, ვიდრე უშუალოდ ვირუსით გამოწვეული ზარალი.