მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ახალი შტამი საავიაციო სექტორს საფრთხეს უქმნის

61ae4b9d86630
მარიამ ადამია
06.12.21 23:20
599
სადღესასწაულო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, როგორც წესი, ბრიუსელის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა იზრდება. ავიაკომპანიები მეტ შემოსავლებს ელიან, ხოლო მოგზაურები ნანატრ შვებულებას გეგმავენ თბილ ქვეყნებში, ან ოჯახთან ერთად შობის შესახვედრად ბილეთებს ყიდულობენ. ასე ხდება თითქმის ყოველწლიურად, თუმცა შესაძლოა მიმდინარე წელი გამონაკლისი იყოს, თუკი დადასტურდება რომ ახალი შტამი - ომიკრონი საგანგაშოა. როგორც Euronews-ი წერს, ჯერჯერობით ამის მტკიცებულება არ არსებობს და შესაბამისად არც მოსალოდნელ შეზღუდვებზე ვრცელდება ინფორმაცია. თუმცა მაინც მდგომარეობა არაპროგნოზირებადია, რაც საავიაციო სექტორზე ცალსახად ნეგატიურად აისახება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ბილეთების ფასი მკვეთრად არის მომატებული და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი ყიდვის შესაძლებლობა ყველას არ აქვს.

ასევე ეტაპობრივად მკაცრდება ევროკავშირში შესვლის სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ზომები. მაგალითად, ომიკრონის გავრცელების პრევენციის მიზნით, 1 დეკემბრიდან პოლონეთის რესპუბლიკაში შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შესული პირებისთვის საზღვრის კვეთის, კერძოდ კი, საკარანტინე წესი იცვლება.

შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შესული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯებით დაექვემდებარებიან. ამავე დროს ისრაელმა და იაპონიამ, ქვეყანაში უცხოელების შეშვება შეწყვიტეს. იაპონიის სახელმწიფო მიწების, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტრომ, ავიაკომპანიებს მოუწოდა, რომ დეკემბრის ბოლომდე საერთაშორისო ფრენებზე ახალი ჯავშნების მიღება შეაჩერონ, რაც თავის მხრივ COVID-19-ის ახალი შტამის გავრცელების საფრთხეს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ უწყების მიმართვა იაპონიის მოქალაქეების ჯავშნებზე ვრცელდება. ამასთან, ტრანსპორტის სამინისტრო არ აპირებს ავიაკომპანიისთვის უკვე გაკეთებული ჯავშნების გაუქმება მოითხოვოს.

ორგანიზაცია Airlines for Europe-ის ხელმძღვანელი კი შიშობს, რომ ტრანსკონტინენტური ფრენები ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. არადა საავიაციო სექტორმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი იშრომა, რომ გაეხსნათ საზღვრები და კვლავ დაწყებულიყო ფრენები შეფერხებისა და შიშის გარეშე. დღეს კი შექმნილი გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი მდგომარეობა ისევ ანგრევს და ყველაფერს ართულებს ავიაციის სექტორში. არავის უნდა შვებულების დაგეგმვა, თუკი არის მისი რეისის გაუქმების ან ინფიცირების რისკი. თუკი არ გრძნობენ ადამიანები საიმედოდ თავს, არც დასვენებას გეგმავენ და ახლობლების მონახულებაზეც უარს ამბობენ, ეს კი ექსპერტების თქმით, დაკარგულ შემოსავლებს და ისევ იმავე წრეზე ტრიალს ჰგავს, რომელიც ერთწლიანი შრომის შედეგად წესით პოზიტიურად უნდა შემობრუნებულიყო