11.მარტი .2020 12:40

"კორონავირუსის ეფექტი" - თბილისში სასტუმროები დროებით იხურება

views 3092
უკან

თბილისში სასტუმროები დროებით იხურება. მიზეზი კორონავირუსის გავლენით გაუქმებული ჯავშნებია. ამის შესახებ bm.ge-ს რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

„სასტუმროების დახურვები დაიწყო. გუშინ დაიხურა სასტუმრო „კალასი“ ლესელიძეზე, თბილისში. ესაა სასტუმრო, რომელიც დიდი ხანია ბაზარზეა. იკეტება სასტუმრო „ზემელი“ და ა.შ ასევე ადგილი აქვს თანამშრომელთა უფასო შვებულებაში გაშვებას“,- აცხადებს ალავერდაშვილი.

„აჭარა ჯგუფმა დასაქმებულთა 50% ხელფასიან შვებულებაში გაუშვა", - ამბობს bm.ge-ისთან „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია.

მისი თქმით, ბოლო 10 დღეში სასტუმროებში ჯავშნების 90% გაუქმდა. თბილისის და ყაზბეგის სასტუმროები კი, მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით მუშაობს.

როგორც ცნობილია, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, პრემიერთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა შესთავაზონ.

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საუბარია, საბანკო ვალდებულებების ორი თვით გადავადებაზე, თუმცა ტურიზმის სექტორს მეტი მას შემდეგ ეცოდინება, რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან, რა ტიპის მხარდაჭერას გამოუცხადებენ კერძო სექტორს.

საბანკო ვალდებულებების გადავადებასთან ერთად კერძო სექტორმა მთავრობას ქონების და საშემოსავლო გადასახადის, მათ შორის კომუნალური გადასახადების გადავადების თხოვნით მიმართა.

როგორც „აჭარა ჯგუფის“ აღამასრულებელი დირექტორი აცხადებს, იმედია, საქმე კომუნალური გადასახადის გადავადებამდე არ მივა, თუმცა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით მიღებული აქვთ პირობა, რომ ამ საკითხს დაამუშავებენ და ამ ნაწილშიც ექნება კერძო სექტორს მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა