მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსის ეფექტი" - ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ ჯავშნების 80%-90% გაუქმებულია

5e68f25186558
ელენე გოგბერაშვილი
11.03.20 18:38
1905
კორონავირუსის გავრცელების გამო კრიზისულ მდგომარეობაში არამარტო სასტუმროები, არამედ ტურისტული კომპანიებიც აღმოჩნდნენ. Bm.ge რამდენიმე ტურისტულ კომპანიას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ გამყვანი ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერებულია, არსებული ჯავშნების 90% კი, გაუქმდა. შემცირებული ჯავშნები, რა თქმა უნდა, აისახება ამ ბიზნესის შემოსავლებზე, შედეგად როგორც კომპანიებმა გვითხრეს, მათ უმეტესობას თანამშრომლების გათავისუფლება ან უხელფასო შვებულებაში გაშვება მოუწიათ.

„არსებული ჯავშნები გაუქმდა და ბოლო 5 დღის განმავლობაში ახალი ჯავშნებიც აღარ შემოდის. ძნელია გითხრათ, პროცენტულად ეს რიცხვებში როგორ გამოიხატება, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი ჯგუფური ჯავშანი გვქონდა, რომელიც გაუქმდა და მესამეს გაუქმებას ველოდებით.

ყოველთვიური ხარჯებია გასაწევი ოფისის, თანამშრომლების, შესაბამისად, ეს ყველაფერზე უარყოფითად მოქმედებს.

მოგვიწია თანამშრომელთა ხელფასების გადახედვა, ზოგიერთი დავითხოვეთ კიდეც. იგივე ხდება სხვა ტურისტულ კომპანიებშიც. ყველას მოუწია ხელფასების გადახედვა ან თანამშრომელთა უხელფასო შვებულებაში გაშვება“, - აცხადებს "ტრაფიკ თრეველის" ხელმძღვანელი ცოტნე ჯაფარიძე.

ჯავშნების გაუქმებასა და თანამშრომელთა ხელფასების გადახედვაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელიც.

„ჯავშნებიც გაუქმდა და ბევრმაც ოფისში მუშაობა შეაჩერა, რადგან დიდ ოფისებში, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს, ვირუსის გავრცელების საშიშროება არსებობს. ნაკლები ტურისტის შემოსვლა აისახა იმაზე, რომ ტურისტულები ხელფასებსაც ვერ გასცემენ და ამის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ თანამშრომლებს“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

„გამყვანი ტურიზმი მძიმე მდგომარეობაშია“, - ასე აფასებს დღეს ტურიზმის სექტორში არსებულ ფონს „თრეველ შოპის“ ხელმძღვანელი ნიკა მანჯგალაძე.

„ავიაკომპანიებმა, მაგალითად, "თურქიშმა", დაიწყეს ბილეთების დაბრუნება.  თუ ვინმე მიდიოდა ღონისძიებაზე და გაუქმდა, ყველა ბილეთს აბრუნებენ, მაგრამ ყველა კომპანია ამას არ აკეთებს. სადღაც ჯავშნების 70%-80% გაუქმდა. ყველა აბრუნებს ბილეთს, თუ აუცილებელი საქმიანი ვიზიტი არ არის. ჩვენ რამდენიმე სამინისტროს ვემსახურებით და მათაც მითითება აქვთ და საერთოდ ვეღარ გადიან ქვეყნიდან თუ ამის აუცილებლობა არ არის. წელი კარგად დაიწყო და არსებულ ზარალს ამით ვაბალანსებთ, თუმცა აპრილში რა იქნება, არავინ იცის. გვაქვს მომავალ თვეში ჯავშნები, თუმცა შესაძლოა ,ესეც გაუქმდეს“, - აცხადებს ნიკა მანჯგალაძე.

ტურისტული კომპანიები კორონავირუსის უარყოფით გავლენას მომავალ თვეში დაითვლიან.