13.მარტი .2020 13:00

კორონავირუსის გამო ევერესტი დაიხურა

views 659
უკან

ნეპალის მთავრობამ ჰიმალაის მთების ყველა მწვერვალზე, მათ შორის ევერესტზე კორონავირუსის საფრთხის გამო ვიზიტორების ასვლა აკრძალა. აკრძალვა ეხება 14 მარტიდან 30 აპრილამდე პერიოდს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ჩინეთმა და მწვერვალის ჩრდილოეთ მხარე მთამსვლელებისთვის დახურა.

ნეპალი ევერესტზე ასვლის ნებართვის გაცემისაგან წელიწადში 4 მილიონ აშშ დოლარ შემოსავალს იღებს. ნებართვის მისაღებად 11,000 აშშ დოლარის გადახდაა საჭირო, თუმცა ნეპალის მთავრობა ფასის გაზრდას გეგმავს. გარდა ამისა, ქვეყნის ტურიზმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მთამსვლელების მიერ დახარჯული თანხა.

მთამსვლელთა უმეტესობა ამერიკიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან ჩადის.

ნეპალის მთავრობა უცხოელებს, რომლებიც გადაუდებელი მიზეზების გამო მაინც გეგმავენ ქვეყანაში ჩასვლას, კარანტინში 14 დღით დარჩენისაკენ მოუწოდებს.

ნეპალში კორონავირუსის 450 შემთხვევა შემოწმდა და მათგან მხოლოდ ერთი დადასტურდა. ვირუსი დაუდგინდა სტუდენტს, რომელიც ჩინეთში სწავლობდა. მსოფლიოში კორონავირუსის 125 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 4 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა