მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გავლენა ელექტროენერგიის ტარიფებსა და ბიზნეს სუბიექტებზე - შეფასება

5e8c9685c5d99
დავით ჯალაღონია
08.04.20 09:20
1046
ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დამფუძნებლის მურმან მარგველაშვილის აზრით, კორონავირუსს გარკვეული გავლენა ექნება იმ ენერგოპროექტებზე, რომლებიც დღეისათვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არიან.

"ზოგადი მოსაზრებით, რა თქმა უნდა, კორონავირუსის, საგანგებო მგდომარეობის პირობებში, მიწოდების ჯაჭვები გაჩერებულია, რადგან ვიღაცას შეიძლება რომელიმე ბანკთან მოლაპარაკება უნდა ჰქონოდა თანხის გამოტანაზე, ან სხვა ათასი რამ შეიძლება, რასაც ადგილობრივი პრობლემები, მომარაგების საკითხები ემატება - ეს ყველაფერი სავარაუდოდ, შენელებული იქნება, გააჩნია, ესა თუ ის პროექტი განვითარების რა დონეზე და ეტაპზეა მისული, თუმცა ის, რომ ზოგადად ეკონომიკის შეჩერება ყველაფერზე იმოქმედებს, ცხადია", - აღნიშნავს მარგველაშვილი BM.GE-ისთან საუბრისას.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ფასზე გავლენას, როგორც ენერგეტიკოსი აღნიშნავს, მოსახლეობისთვის ამ თვალსაზრისით, სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება.

"მოსახლეობისთვის ფასი, სავარაუდოდ, არ შეიცვლება, თუმცა ვალუტის გაუფასურებამ წესით, უნდა იმოქმედოს მისი აწევისკენ, მაგრამ როგორც სემეკმა გამოაცხადა, ისინი სამწლიან პერიოდებს (სამომხმარებლო ტარიფი სამი წლის ვადით არის დამტკიცებული) იცავენ. ამ შემთხვევაში, ტარიფი შეიძლება მაინც იყოს გადასახედი იმის გამო, რომ გაცვლითი კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. არ ვიცი, როგორი მოლაპარაკებები აქვთ გამანაწილებელ კომპანიებთან, შეუძლიათ თუ არა გამანაწილებლებს თავისი საქმიანობის უწყვეტად გაგრძელება ამ შეცვლილი კურსის პირობებში, მაგრამ ნომინალური ტარიფი მოსახლეობისთვის არ უნდა შეიცვალოს, რადგან სემეკს დადგენილი აქვს სამი წლით.

რაც შეეხება ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს, აქ შეიძლება მოხმარების შემცირების გამო, იმპორტირებული და თბოსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის წილი შემცირდეს.

საერთოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმედია, ეს დროებითი, რამდენიმეთვიანი მოვლენაა. ალბათ ეკონომიკას გაუჭირდება სწრაფად დაბრუნება მის წინანდელ მოხმარების დონეზე და ბრუნვაზე, ამიტომ რაღაც პერიოდი იქნება შემცირებული მოხმარება, მაგრამ თუ ჩვენ განვითარება გვინდა, მოხმარების წინა მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობაც უნდა გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ, რაც ასევე მოხმარების შემცირებაზე მოქმედებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, არ უნდა გვქონდეს იმის ანგარიში, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან ერთად, მოხმარება მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში, მაინც მოხმარების ზრდას უნდა ველოდოთ და უნდა გვინდოდეს კიდეც და ამ შემთხვევაში, იაფი ენერგიის წილი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაც იყო ამ ვირუსამდე", - მიიჩნევს მურმან მარგველაშვილი.