მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო ჰონგ-კონგის Disneyland-ი ისევ იხურება

5f0d67f48b369
ნათია თაქთაქიშვილი
14.07.20 13:08
787
ჰონგ-კონგის Disneyland-ი, რომელმაც 18 ივნისს განაახლა მუშაობა, ისევ დაიხურა, რადგან ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ ქალაქში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო სოციალური დისტანცირების ნორმების გამკაცრება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც Disneyland-ის პრეს-სპიკერი აცხადებს, პარკი 15 ივლისიდან დროებით ისევ დაიხურება, რადგან ისინი ითვალისწინებენ ადგილობრივი ხელისუფლების და ჯანდაცვის წარმომადგენლების რეკომენდაციებს, რომელიც COVID-19-ის გავრცელების შეჩერებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის Disneyland-ში სასტუმროები ოპერირებას გააგრძელებენ „ლიმიტირებული სერვისებით“.

„სასტუმროები ფუნქციონირებას გააგრძელებენ ჯანდაცვის და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. სასტუმროებში ზედმიწვნით დაცული იქნება სისუფთავე და ხშირად მოხდება დეზინფიცირება. მენეჯმენტი, ასევე, უზრუნველყოფს სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვას“, - აღნიშნავს Disneyland-ის პრეს-სპიკერი.

Disney-ის თემატური პარკები კომპანიის ბიზნესის ძირითადი ხაზია, საიდანაც კომპანიამ 26 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო 2019 წელს, ხოლო მიმდინარე წლის ბოლო კვარტლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავლები 58%-ით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.