17.მარტი .2020 15:00

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საფრანგეთი დღეიდან მკვეთრ ზომებს იღებს

views 208
უკან

დღეიდან საფრანგეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ახალი ზომები და აკრძალვები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოსახლეობას ქუჩებში გადაადგილება ეზღუდებათ შესაბამისი საბუთის არქონის შემთხვევაში. საფრანგეთის შს მინისტრ კრისტოფ კასტნერის განცხადებით, ყველა პირს, ვისაც ქალაქში გადაადგილება დასჭირდებათ მოუწვთ შეავსონ შესაბამისი დოკუმენტი, სადაც გადაადგილების მიზეზს ახსნიან.

ზოგიერთი პროფესიის ადამიანმა კი, თან უნდა იქონიოს სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს მათი სამსახურში გამოცხადების აუცილებლობას. ჟურნალისტები შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას, რადგან ინფორმაციის სწორად მიწოდება მოცემულ სიტუაციაში დიდ აუცილებლობას წარმოადგენს. 

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადაადგილებაზე 15-დღიანი შეზღუდვები დააწესა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დამრღვევი ნებისმიერი მოქალაქე დაისჯება.

„ჩვენ ომში ვართ, ჯანმრთელობის ომში. ჩვენ არ ვებრძვით არმიას ან სხვა სახელმწიფოს. მტერი არის უხილავი, მოუხელთებელი და მზარდი. ეს ჩვენგან საერთო მობილიზაციას მოითხოვს“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, მაკრონის თქმით, მიღწეულია შეთანხმება ევროკავშირის გარე საზღვრების 30 დღით ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

17 მარტის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 6,633 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 148 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 12 ინფიცირებული.