29.ივნისი .2020 14:16

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობა, სავარაუდოდ, 70-75% იქნება - ფაუჩი

views 772
უკან

აშშ-ის ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, დიდი ალბათობით, ეფექტიანობის მხოლოდ 70-75-პროცენტიანი მაჩვენებელი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"საუკეთესო შედეგი, რაც კი ვაქცინით მიგვიღია, ეს წითელას ვაქცინა იყო, რომელსაც ეფექტიანობის 98-97%-იანი მაჩვენებელი აქვს. არაჩვეულებრივი იქნება, თუ ამას მივაღწევთ, თუმცა არ მგონია, ეს მოხდეს. მე 70-75% ეფექტიანობის მაჩვენებელიც დამაკმაყოფილებს“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ამასთანავე, აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ ვაქცინის შექმნის შემთხვევაშიც კი, აშშ-ში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შანსები დაბალია, რადგან მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.

CNN-ის მიერ გასულ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების ერთი მესამედი ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი.