მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ვაქცინის ადამიანზე გამოცდა დაიწყო

5e6fcfcc0b793
თამთა ჯიჯავაძე
17.03.20 00:10
2808
აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანზე გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ ამერიკის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები იტყობინებიან.

როგორც ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენთონი ფაუჩი აცხადებს, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის პოვნა ინფექციის პრევენციისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სასწრაფო პრიორიტეტია.

„პირველი ეტაპი კვლევის რეკორდულად სწრაფად დაიწყო, ეს მნიშვნელოვანი პირველი წინგადადგმული ნაბიჯია მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ფაუჩიმ.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი ჯანდაცვის დეპარტამენტთან და ბიოტექნოლოგიურ კომპანია „მოდერნასთან“ ერთად ვაქცინის შექმნაზე დაჩქარებულ სამუშაოებს ატარებს. ვაქცინის პირველი კლინიკური ტესტირება Kaiser Permanente-ის ვაშინგტონის ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტში მიმდინარეობს, რომელიც სიეტლში მდებარეობს. პირველ ეტაპზე ტესტირება 45 მამაკაცს და ქალს ჩაუტარდება, რომელთა ასაკი 18-დან 55 წლამდე მერყეობს.

ფაუჩიმ გასულ კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაქცინა საჯაროდ ხელმისაწვდომი დაახლოებით 12-18 თვეში იქნება.