მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის წარმოშობის შესახებ WHO-ს ანგარიშს 14 ქვეყანა აკრიტიკებს

6064397803066
თათია კაკიაშვილი
31.03.21 22:27
547

Covid-19-ის წარმოშობის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ანგარიშს აშშ-ი 13 სხვა ქვეყანასთან ერთად ერთობლივი განცხადებით აკრიტიკებს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, სამხრეთ კორეის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების მთავრობებმა ერთობლივ განცხადებაში დაწერეს, რომ ჯანმო-ს მოხსენება „არასრულ მონაცემებსა და ნიმუშებზეა დაფუძნებული".

„პანდემიური პოტენციალის მქონე უცნობი პათოგენის სერიოზული აფეთქებისას, ვირუსის წარმოშობის დამოუკიდებელ ექსპერტთა ხელმძღვანელობით შეფასება მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების, ინდუსტრიების უკეთ მომზადებისთვის, რათა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობამ პანდემიაზე რეაგირება წარმატებით მოახდინოს და სამომავლოდ ვირუსის პრევენციას ხელს შეუწყოს“, - წერია 14 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

WHO-მა 120-გვერდიანი მოხსენება მოამზადა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. იგი საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფის მიერ არის მომზადებული. მოხსენების მიზანი იყო, სამეცნიერო საზოგადოებას გაეაზრებინა ყველა ცნობა მომაკვდინებელი ვირუსის შესახებ, თუმცა 14 ქვეყნის ხელისუფლების აზრით, მოხსენება „კრიტიკას ვერ უძლებს“, რადგან ის „ვირუსის გავრცელების არეალის და სხვა დეტალების შესახებ სრულ სურათს არ ასახავს”.