მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორუფციასთან ბრძოლა, საჯარო სერვისების განვითარება - რაზე ისაუბრა გახარიამ OGP-ის სამიტზე?

5f6ca45f44001
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.20 18:00
749
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის -OGP-მაღალი დონის სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამიტის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის იმ ლიდერებმა მიმართეს, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის როლზე და აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო სერვისების განვითარებისა და პროგრესული ღია მმართველობის დამკვიდრების კუთხით ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმების შედეგები განსაკუთრებით ხელშესახები COVID-19-თან ბრძოლის პერიოდში გახდა.

„საქართველოს წარმატების ისტორია გრძელდება და ჩვენ ვრჩებით ღია მმართველობის პარტნიორობისა და მისი ფასეულობების ერთგულნი. ჩვენ კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო სერვისების შემუშავებისა და პროგრესული ღია მმართველობის ჩამოყალიბებისთვის მკვეთრი ზომების განხორციელების სოლიდური გამოცდილება გვაქვს. ამ ძალისხმევის შედეგები განსაკუთრებით ხელშესახები გახდა, როდესაც ახალ კორონავირუსთან ბრძოლა დაიწყო. ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში განვითარებული ტექნოლოგიები, საჯარო სერვისები და სამოქალაქო საზოგადოებასთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შენება დაგვეხმარა, მაქსიმალურად გამჭვირვალენი ვყოფილიყავით ახალი კორონავირუსის დროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

„კრიზისამდე საქართველომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განაახლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ერთობლივი შექმნის პროცესი და ეს განხორციელდა მაღალი დონის ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის შექმნის გზით, რაც მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ძალაუფლების თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, ის უმაღლეს დონემდე ზრდის ღია მმართველობის პოლიტიკის შემუშავებას. ეს კრიზისი არის იმის მტკიცებულება, რომ საფრთხის სიმძიმის მიუხედავად, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობის ფასეულობები მუდამ ინარჩუნებს ფუნდამენტურ დატვირთვას და მხოლოდ ღია მთავრობას შეუძლია რეაგირება მოქალაქეების საჭიროებებზე, მხოლოდ მას შეუძლია, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს გაუძლოს. ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია. ვაგრძელებთ პანდემიამდე დაწყებული რეფორმების განხორციელებას და მზად ვართ, ეს გამოწვევებით სავსე დრო ვაქციოთ შესაძლებლობად და ინოვაციური გზებით გავაუმჯობესოთ სერვისებით უზრუნველყოფა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სხვა მიმართულებები, რაც კარგი მმართველობის არსს განსაზღვრავს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრებმა - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მიმართეს.

ცნობისთვის, ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო ინიციატივა 78 ქვეყანას აერთიანებს. საქართველომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს 2018 წელს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს კი წევრმა ქვეყნებმა საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით კიდევ ერთხელ აირჩიეს.