მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორუფციის შესახებ გიორგი ქობულიას განცხადების საფუძველზე "ლელო" გამოძიებას მოითხოვს

5ee73cea503c8
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.20 13:14
1608
წიაღის სფეროში ბრიტანული ინვესტიციების დაბლოკვა, ასევე სისტემური კორუფცია საქართველოს რკინიგზასა და ელექტროსისტემაში არის საკითხები, რომელთა შესახებაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა Forbes Talks-ს ეთერში ისაუბრა. ყოფილი მინისტრის თქმით, რკინიგზა და ელექტროსისტემა "სქემისტების" გავლენის ქვეშაა, რომლებიც ექსკლუზიური კონტრაქტების საფუძველზე დიდძალ შემოსავლებს იღებენ. 

დღეს პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა გიგლა მიქაუტაძემ, ანა ნაცვლიშვილმა და საბა ბუაძემ გენერალურ პროკურატურას გიორგი ქობულიას ინტერვიუს საფუძველზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს და უწყებაში შესაბამისი განცხადება შეიტანეს. 

“ლელოს“ ლიდერების განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე, გენერალური პროკურატურა ვალდებულია ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიერ მასმედიით გაჟღერებულ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით აწარმოოს გამოძიება. ამგვარად, გამოძიების წარმართვა პროკურატურის არა დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაა. 

„ასობით სახელმწიფო საწარმო წარმოადგენს რეალურად ნეპოტიზმისა და კორუფციის წყაროს, წლებია, ამაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი. ამაზე საუბარი ჩვენ, „ლელომ“ შექმნის პირველივე დღეს დავიწყეთ. 

ორი დღის წინ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ინტერვიუში პირდაპირ მოვისმინეთ საუბარი ჩინოვნიკებზე, რომლებიც სარგებელს იღებენ ამ კორუფციული სქემებიდან და ამაზე რეაგირება არის ნული. ეს უნდა დასრულდეს ოქტომბერში. 

ხელისუფლება შეიცვლება და ყველა ეს სქემა ჩამოიშლება და სახელმწიფო საწარმოები მოემსახურება ეკონომიკას. მათი დიდი ნაწილის პრივატიზება მოხდება, ხოლო ის საწარმოები, რომელიც დარჩება სახელმწიფოს ხელში, იქნება მოგებაზე ორიენტირებული და სახელმწიფო ბიუჯეტი მათგან მიიღებს სარგებელს.“ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ. 

გიორგი ქობულიას განცხადება იხილეთ ბმულზე - 

“სქემისტები” რკინიგზასა და ელექტროსისტემაში - გიორგი ქობულია კორუფციის შესახებ საუბრობს