მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორუფციული დანაშაულის 70% რეგიონებში რეგისტრირდება - აუდიტის დასკვნა

5ed4d5bd4e139
ელენე გოგბერაშვილი
01.06.20 14:24
1307
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ქვეყნის ანტიკორუფციული გარემო, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შექმნილი მექანიზმები და განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ინსტიტუციურ დონეზე კორუფციული რისკების პრევენცია-შემცირებისკენ.

•აუდიტი მოიცავს 2015 წლიდან 2018 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით პერიოდს.

•აუდიტის ობიექტებია :  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საჯარო სამსახურის ბიურო.

აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა მათ შორის შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული, კომპეტენტური ორგანოების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული მუხლებით 2015-2017 წლებში აღძრული საქმეებისა და მათი გახსნის სტატუსების რაოდენობრივი ანალიზი 2018 წლის მაისამდე პერიოდის ჩათვლით. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სთხოვა შესაბამის ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან თითოეული საქმის გამოძიებაზე.

დეტალური ანალიზის განხორციელების მიზნით, აუდიტის ჯგუფმა შესაბამისი ორგანოებისგან გამოითხოვა და დაამუშავა კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ქვეყანაში 2015-2017 წლებში შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ კორუფციული დანაშაულის 1,740 საქმე დარეგისტრირდა.

აღნიშნული პროცედურის მიზანი იყო კორუფციული დანაშაულის ზოგადი სტატისტიკის შეგროვებასთან ერთად, გაანალიზებულიყო მისი სტრუქტურა დანაშაულის რეგიონული, უწყებრივი, თანამდებობრივი და ა.შ. განაწილების მიხედვით. ამგვარი დეტალური ანალიზი საშუალებას მისცემდა აუდიტის ჯგუფს, შეეფასებინა დანაშაულის დინამიკა ცალკეული რეგიონების, უწყებების და სამოხელეო წრის, ასევე კონტროლის მექანიზმების დონეზე.

აუდიტის ჯგუფმა კორუფციული დანაშაულის დეტალური სტატისტიკა აღნიშნული ფორმით ვერ მიიღო, ხოლო შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისგან მოწოდებული ინფორმაციიდან, დაახლოებით, 1,000 ინდივიდუალური საქმის მოკლე აღწერის (ფაბულის) სათითაოდ შესწავლის საფუძველზე, შეძლო მხოლოდ დანაშაულის რეგიონული გადანაწილების გამოანგარიშება. აუდიტის ჯგუფმა ვერ შეძლო დაეთვალა კორუფციული დანაშაულის ფაქტები სახელმწიფო სტრუქტურების ჭრილში, ასევე ვერ დადგინდა, რომელი კლასისა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებული მოხელეები წარმოადგენენ რისკის ჯგუფს, რა კონტროლის მექანიზმები არსებობს ისეთ დაწესებულებებში, სადაც ხშირია კორუფციული დანაშულის შემთხვევები, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და სხვ.

2018 წლის აპრილის მდგომარეობით, 2015-2017 წლებში რეგისტრირებული 1,740 საქმიდან 12% იყო გახსნილი.

„აუდიტის ჯგუფმა კორუფციული დანაშაულის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით გადაანაწილა. ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ კორუფციული დანაშაულის 70% რეგიონებში რეგისტრირდება. მიუხედავად ამისა, პრიორიტეტი − კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში 2016 წელს OECD-ის რეკომენდაციის შემდეგ გაჩნდა და ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებაში 62 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულიდან 2018 წლისთვის ჩართული იყო მხოლოდ 3, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის საბჭოსსაქმიანობაში ჩაერთო 13 მუნიციპალიტეტი“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.