მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოსოვოში უდიდესი სამთო-სათხილამურო კურორტი გაიხსნა, თუმცა ტურისტები არ არიან

601050792d0ad
მარიამ ადამია
26.01.21 23:40
1063
კოსოვოში, ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ატრაქცია, უდიდესი სასრიალო ტრასა გაიხსნა, მაგრამ ტურისტების ნაკლებობა მის მომავალს საფრთხეს უქმნის. სათხილამურო კურორტი ბრეზოვიცა არის ყველაზე დიდი და მოთხოვნადი სათხილამურო დანიშნულების ადგილი კოსოვოში, რომელიც შარის მთებში მდებარეობს.

პანდემიამდე კურორტზე მილიონობით სპორტსმენი ან სრიალის მოყვარული ტურისტი იყრიდა თავს, წელს კი მიუხედავად იმისა, რომ მთელი ევროპა ზამთრის ტურისტული სეზონის ამოქმედებაზე, საბაგიროების გახსნასა და სრიალზე საუბრობს, უკვე ამოქმედებულ კურორტზე სიცარიელეა. ევროპის მასშტაბით სხვა კურორტების მსგავსად, ბრეზოვიცას მოუწია კარის დახურვა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსი გავრცელდა, თუმცა დღეს ტურიზმის სექტორის აღდგენა/გადარჩენის მიზნით, ეს კარი ქვეყანამ ყველა მსურველს გაუხსნა.

გახსნამდე კურორტმა უსაფრთხოების სტანდარტები შეიმუშავა, ინვესტიცია ჩადო და ინფრასტრუქტურა გააუმჯობესა, იმისათვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა დაეცვათ და ბრეზოვიცა კორონავირუსის აფეთქების ადგილი არ გამხდარიყო, თუმა წინა წლებთან შედარებით დამსვენებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. ეს კი რისკის ქვეშ აყენებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს და ჯამში ქვეყნის ეკონომიკას. ამ ეტაპზე მეწარმეები სახელმწიფოს მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების იმედად არიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაკოტრების პირას დგანან.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ევროპაში, მდგომარეობა უცვლელი რჩება და დახურულები არიან თებერვლის შუა რიცხვებამდე იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში. ესპანეთში მთის კურორტები ფუნქციონირებს, ხოლო სრიალის უფლება მხოლოდ ადგილობრივ მოთხილამურეებს აქვთ. სათხილამურო კურორტების გახსნის მოლოდინშია ბელგია, ჩეხეთი, ლიეტუვა, სლოვაკეთის რესპუბლიკა, სლოვენია, თუმცა ადგილობრივი მთავრობა მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

ხოლო ანდორას, სომხეთს, ბელარუსს, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ხორვატიას, ესტონეთს, ფინეთს, საბერძნეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიხტენშტეინს, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ნორვეგიას, პოლონეთს, პორტუგალიას, რუმინეთს, სერბეთს, შვედეთს, შვეიცარიასა და უკრაინას გახსნილი აქვთ ზამთრის კურორტები, თუმცა ზოგან მუშაობს საბაგირო და ადამიანებს აქვთ მუშაობის, სრიალისა და დასვენების საშუალება, ზოგან კი მხოლოდ კურორტზე შესვლაა შესაძლებელი.