მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გერმანიამ საქართველოს 3 მლნ ევროს გრანტი გამოუყო

61a72c523aade
ინგა მურუსიძე
01.12.21 22:40
3056
გერმანიის მთავრობა საქართველოს 3 მლნ ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს. როგორც bm.ge-ს საქართველოში გერმანიის საელჩოდან აცნობეს,  შესაბამის შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა მოაწერეს ხელი.

შეთანხმების თანახმად, გრანტი მოხმარდება კოვიდ-პანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების სოციალურ დაცვას.

საელჩოს ცნობით,  ეს გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი კრედიტისაგან შედგებოდა.

"ამ დახმარების მიზანს ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება წარმოადგენდა იმ ქართული ოჯახებისათვის, რომლებმაც კოვიდ-პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი. გაზრდილი თანხით დაფინანსდება 135 ათასზე მეტი გადახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. ამავე დროს 2020 წელს გაცემული კრედიტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს უმუშევართა შემწეობის 280 ათასზე მეტი გადახდა შესაბამისი პირებისათვის. ეს მხარდაჭერა თავის წვლილს შეიტანს არა მხოლოდ მრავალი ოჯახის სოციალური დაცვის საქმეში, არამედ ასევე სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებაში", - ნათქვამია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.