მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-გადატანილებისთვის უვადო „მწვანე სტატუსის" მინიჭება გამართლებული არაა - აკაკი ზოიძე

61af6974bc618
ინგა მურუსიძე
07.12.21 22:00
561
ჯანდაცვის სპეციალისტი, ყოფილი დეპუტატი, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა კოვიდ-გადატანილებისთვის უვადოდ „მწვანე პასპორტის“ მინიჭება, სავარაუდოდ, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკოსთა რაოდენობის გამო გადაწყვიტა.

„ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკოსთა რაოდენობა ძალიან მაღალია, რადგან დროული საინფორმაციო კამპანია ვერ ვაწარმოეთ და ალბათ ეს არის ძირითადი მოტივაცია, რატომაც თავს იკავებს პრემიერი, რომ „უვადო პასპორტები“ შეიცვალოს. თუმცა ეპიდემიოლოგიურად ეს გამართლებული არ არის“, - განაცხადა ზოიძემ.

საქმე ის არის, რომ კოვიდ-გადატანილებისთვის უვადოდ „მწვანე პასპორტების“ მინიჭების ინიციატივა სწორედ პრემიერს ეკუთვნის. გადაწყვეტილებას არ იწონებს ჯანდაცვის სპეციალისტების დიდი ნაწილი, მათ შორის მინისტრი.

„მსოფლიოში არსად მსგავსი პრაქტიკა არ არის, შესაბამისად, თემა, რომ ჩვენთან კოვიდ-გადატანილებს უვადო პასპორტი ჰქონდეთ, ცოტა რთულად სათქმელია, რამდენად მიზანშეწონილია. მსოფლიოში ასე არსად არ არის, თუ მოქალაქეები მიდიან საზღვარგარეთ, მაინც უწევთ მეორე „მწვანე პასპორტის“ გაკეთება, რაც საკმაო დისკომფორტია. მესამე თემა არის, რომ ახალი შტამის პირობებში მოსალოდნელია, რომ რეინფიცირების შემთხვევები იმაზე მეტი იყოს, ვიდრე აქამდე იყო.

რეინფიცირების მაჩვენებელი მაღალი არ არის და ალბათ უვადოდ კოვიდ-პასპორტის მინიჭება დიდ ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ლოგიკურ ჯაჭვს არ მიყვება ეს გადაწყვეტილება. მე მომხრე ვარ, რომ ეს შეიცვალოს და იყოს ისე, როგორც არის სხვაგან, კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ ვადა განისაზღვროს 6 თვით. მაგრამ ახლა ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზემოთ ადამიანები აიცრან“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.