მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდგადატანილ პირებზე მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემას გამართლება არ აქვს - ჭიაბერაშვილი

619e60099a7d2
ანუკა ჯოხაძე
28.11.21 16:00
761
1 დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ მწვანე პასპორტების სქემა ამოქმედდება. მწვანე პასპორტით ისარგებლებენ კოვიდ–ვაქცინით 2 დოზით აცრილები და კოვიდ გადატანილი პირები.

მთავრობის მიერ გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილებით, კოვიდ გადატანილი პირებისთვის მწვანე პასპორტს მუდმივი ხასიათი ექნება.

გადაწყვეტილებასთან მიმართებით განცხადებები საკოორდინაციო საბჭოს წევრების მხრიდანაც გაკეთდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდ გადატანილებისთვის მუდმივი მწვანე პასპორტის ამოქმედებას რეინფიცირების დაბალი მაჩვენებლით ხსნის.

ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

როგორც BM.GE-თან ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, კოვიდ გადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ ამოქმედებაზე, გამართლება არ აქვს. მისი განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს უფრო მკაფიო უნდა იყოს ჯანდაცვის სფეროში ჩართული პირების პოზიცია. მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის.

“არ მგონია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნებისმიერმა პროფესიონალმა გაამართლოს ის გადაწყვეტილება, რასაც დღეს ღარიბაშვილი იღებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონ ამირან გამყრელიძეს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება. მე ვრჩები ისევ ჩემს პოზიციაზე, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ ქვეყნის ინტერესებით და არა იმით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო, სადაც ჯანდაცვის სპეციალისტების უმცირესობაა. ჩემი აზრით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უფრო თამამად და ხმამაღლა უნდა საუბრდნენ იმის თაობაზე, რა არის სწორი ამ ეპიდემიის სამართავად”,-ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი.